განტვირთვა

წიგნები, რომლის წაკითხვასაც გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გვირჩევს

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საკუთარ რჩეული წიგნების ხუთეულის გაზიარება რადიო “მოზაიკამ” გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ნანა ტერმაკოზაშვილს სთხოვა.

„ძალიან ძნელია გამორჩევა, მაგრამ არის წიგნები. რომლებსაც დროდადრო ვუბრუნდები“, – გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

მისი რჩეული წიგნების ხუთეული ასეთია:

შოთა რუსთაველის ” ვეფხისტყაოსანი”;
ვაჟა ფშაველას “ალუდა ქეთელაური“;
გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი”;
ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას”;
ოთარ ჭილაძის “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”.

ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო!’’ – ეს გახლავთ წიგნის საჯაროდ კითხვის დღის ლოზუნგი. მისი ავტორი ამერიკელი მწერალი და წიგნების ექსპერტი პემ ალანია – ქალი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ბავშვების წიგნიერებისთვის ბრძოლის საქმეში, იგი აშშს თან ერთად მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში მუშობდა და სწორედ პემ ალანი გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია ,,,LitWorld’’’-ის დამფუძნებელი და წიგნის კითხვის დღის დაწესების ინიციატორიც.

რადიო „მოზაიკა“ გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ამ საკითხზეც ესაუბრა. კითხვაზე, რა წიგნების წაკითხვას ურჩევდით ახალგაზრდებს, ნანა ტერმაკოზაშვილმა ასე გვიპასუხა:

„მოსწავლებს საერთოდ კითხვას ვურჩევ. არ მიყვარს ე.წ. მასთ რიდ წიგნების დასახელება, მაგრამ მგონია, რომ არიან ავტორები, რომელთა გარეშე არ უნდა გალიო ყმაწვილობის ასაკი“.

“პატარა უფლისწული”, “შვლის ნუკრის ნაამბობი”, “ანე ფრანკის დღიური”, “თამაში ჭვავის ყანაში”, „ფრანით მორბენალი” – ეს ის წიგნებია, რომელთა წაკითხვასაც ტერმაკოზაშვილი ახალგაზრდებს ურჩევს.

მისი თქმით, ბავშვები თანამედროვე ავტორებს კითხულობენ, რაც ძალიან მოსწონს.

ინფორმაციისთვის, პირველად წიგნი გვიანდელ შუა საუკუნეებში დაიბეჭდა. გერმანელი იოჰან გიუტენბერგი (1400-1468) წიგნის ბეჭდვის გამომგონებლად ითვლება, გიუტენბერგის პირველი ნაბეჭდი წიგნი ,,ფრაგმენტი განკითხვის დღისა’’ (1445) უნდა იყოს. 1455 წელს კი გიუტენბერგმა 180 ეგზემპლარად ბიბლია გამოსცა. თუმცა ისტორიას, წიგნების ბეჭდვის ბევრი განსხვავებული მეთოდი ახსოვს.

დატოვეთ კომენტარი