ადამიანები ისტორიები

ახალგაზრდები გაჭირვებულების დასახმარებლად – საქველმოქმედო კამპანია გორში

გორელმა ახალგაზრდებმა გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო კამპანია წამოიწყეს. კამპანიის ინიციატორი ბესო გოგაშვილია, რომელმაც საწყის ეტაპზე რამდენიმე ოჯახს პირადი სახსრებით აღმოუჩინა დახმარება. თუმცა, როგორც ბესო ამბობს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ახლა ცდილობს საზოგადოების დახმარებით, რაც შეიძლება მეტ ოჯახს შეუმსუბუქოს ყოველდღიური ყოფა.

“ვხედავდი ჩემს გარშემო რამდენი შეჭირვებული ოჯახი ცხოვრობდა, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი სახსრებით დახმარება აღმომეჩინა, საკვები, საოჯახო ნივთები, სათამაშოები, ტანსაცმელი. ერთი ადამიანი განა რამდენს გავწვდებოდი და ამ საქმეში ჩემი მეგობრები შემომიერთდნენ, ნოდარ გიგუაშვილი და იოსებ ტერუნაშვილი. ამ კამპანიის დაგეგმვა – განხორციელებაში სოციალური ქსელი გვეხმარება. როდესაც ვიგებთ შეჭირვებულ ოჯახზე პოსტს ვწერ მათ შესახებ, ასევე ლაივს ვრთავ და საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ დაეხმაროს ოჯახს”, – აღნიშნა გოგაშვილმა.

გორელი ახალგაზრდები სოციალურ კამპანიას რამდენიმე თვეა ახორციელებენ. როგორც ბესო ამბობს, ამ დროის განმავლობაში 20 – მდე ოჯახის დახმარება შეძლეს.

“არიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახები. ახლაც მზადების პროცესში ვართ, გორის ერთ-ერთ სოფელში 6 სულიან ოჯახს სჭირდება ჩვენი დახმარება, ყველანაირი პროდუქტი და საჭირო ნივთი მომზადებული გვაქვს. მე და ჩემი მეგობრები რა თქმა უნდა, აქტიურად გავაგრძელებთ მსგავს აქტივობებს. იმედი მაქვს, რომ საზოგადოება უფრო გააქტიურდება და ჩვენც მეტი ადამიანის დახმარებას შევძლებთ”, – ამბობს ბესო გოგაშვილი

ბესო ამბობს, რომ სოციალურ კამპანიაში მოქალაქეები და ემიგრანტები აქტიურად არიან ჩართულები და საკვები პროდუქტების შეგროვება მათი დახმარებით ხდება.

“ამ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულები ჩვენი მოქალაქეები. მირეკავენ და ვისაც რისი შესაძლებლობა აქვს იმას მატანს, ეს იქნება მურაბები, კომპოტები, ჯემები და ის ნობათი, რაც სახლში აქვს. სოციალური ქსელის საშუალებით ემიგრანტები გვეხმარებიან, ამხელა გზაზე წასულები შეჭირვებული ოჯახებისთვის ლუკმას ყოფენ და მათთვის საჭირო ნივთების შეგროვებაში გვეხმარებიან”, – თქვა გოგაშვილმა.

ბესო და მისი მეგობრები აღნიშნულ აქტივობას მომავალშიც გააგრძელებენ და ეცდებიან სხვა თანამოაზრეებიც შემოიკრიბონ.  

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.