ისტორიები კულტურა

14 იანვარი და პირველი თეატრალური წარმოდგენა გორში

14 იანვარი ქართული პროფესიული თეატრის დღეა. 172 წლის წინ გიორგი ერისთავის პიესა “გაყრა“ მისივე რეჟისორობით თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში დაიდგა, რომელშიც მაშინდელი სცენისმოყვარეები მონაწილეობდნენ. სწორედ ამიტომ 1850 წლის 14 იანვარი ქართული პროფესიული თეატრის ჩამოყალიბების თარიღად მიიჩნევა.

თეატრალურ წარმოდგენებს სათავე რამდენიმე წლით ადრე გორში დაედო. 1845 წელს გორში თეატრი ჩამოყალობდა. 

სწორედ, ამ პერიოდში გაიმართა პირველი სცენისმოყვარეთა წარმოდგენა. 1845 წლის 1-ელ და 8 მაისს, 11 ივლისს და 7 აგვისტოს დაუდგამთ დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კომედია „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება სიყვარულისა“.

1874 წელს გორში „სცენისმოყვარეთა წრე“ შეიქმნა. მათი პირველი წარმოდგენა იყო გიორგი ერისთავის პიესის მიხედვით სპეკტაკლი „ძუნწი“, რომელიც საზოგადო საკრებულოს პატარა დარბაზში გაიმართა. 1875 წელს დაიდგა გიორგი ერისთავის კომედია “უჩინმაჩინის ქუდი” და ი. ერისთავის მიერ გადმოკეთებული კომედია “ძალად ექიმი”.

გორში თეატრის შენობის 1939 წელს გაიხსნა. მოგვიანებით მას გიორგი ერისთავის სახელი მიენიჭა. სწორედ მისი პიესების მიხედივით დადგმული სპეკტაკლები გახდა საფუძველი გორში თეატრალური ხელოვნების ჩამოყალიბების.

ერისთავის თეატრი 1934 წელი

გიორგი ერისთავი 1813 წელს სოფელ ოძისში დაიბადა. მისი მოღვაწეობა ყოველთვის თეატრთან არ იყო კავშირში. მოსკოვში სწავლის დროს, 1830 წელს მეფის რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა, რის გამოც ქალაქ ვილნოში გადაასახლეს. სამშობლოში დაბრუნება 1842 წელს შეძლო, ერთ ხანს სახელმწიფო სამსახურში იმუშავა, 1854 წლიდან კი სოფელ ხიდისთავში დასახლდა.

მისი შემოქმედების უდიდესი ნაწილი დრამატული თხზულებებია. გიორგი ერისთავი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ქართულ კრიტიკულ რეალიზმს და კომედიოგრაფიას საფუძველი ჩაუყარა. ასევე იყო პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალის “ცისკარის“ დამაარსებელი და რედაქტორი.

გიორგი ერისთავი 1864 წელს, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ იკორთის მონასტერში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.