ადამიანები ისტორიები

ამბავი წყაროს მიღმა – შიო შერმადინის ისტორია

გორში, სტალინის ქუჩა N22-თან არსებულ სკვერში “შიოს წყარო” 30 წლის წინ გააკეთეს. ისევე, როგორც ყველაფერს ბუნებაში, ამ წყაროსაც აქვს თავისი ისტორია.

წყარო 21 წლის ასაკში გარდაცვლილი შიო შერმადინის სახელს ატარებს. იგი 1969 წლის 28 აპრილს დაიბადა ქალაქ გორში, პედაგოგების ოჯახში. მის მშობლებს ბიჭი 3 გოგონას შემდეგ ეყოლათ. ის დედმამიშვილებს შორის ყველაზე უმცროსი იყო.

მისი ერთ-ერთი და, ლელა შერმადინი რადიო “მოზაიკასთან” იმ ტრაგიკულ დღეს იხსენებს, როცა მისი ძმა გარდაიცვალა.

“შიო, 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1990 წლის 11 ნოემბერი იყო. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, 6 თვით ადრე გარდაგვეცვალა დედა, სწორედ დედაჩვენის საფლავიდან მოდიოდა მის 3 მეგობართან ერთად, როდესაც ავარია მოხდა. ამ ავარიას 4 ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყო ჩემი ძმაც”, – ამბობს ლელა შერმადინი.

ხათუნა შერმადინი, შიოს მეორე დაა. იგი იმ პერიოდს იხსენებს, როცა წყაროს გაკეთების იდეა გაჩნდა.

“წყაროს გაკეთების იდეა შიოს ჯარის მეგობარს – ზვიად კევლიშვილს გაუჩნდა, მამაჩვენს ჰკითხეს და რა თქმა უნდა, უარი არ უთქვამს, შიოს მეგობრების თანადგომით გაკეთდა ეს წყარო და მისი ჯარის მეგობარი, ზვიადი დღემდე ცდილობს, რომ შიოს არყოფნა შეგვიმსუბუქოს და ძმობა გაგვიწიოს, მუდმივად გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა”, – ამბობს ხათუნა შერმადინი.

შიო შერმადინი ორშაბათ დღეს გარდაიცვალა და როგორც ლელა შერმადინი იხსენებს, მამამისი ემირი შერმადინი 17 წლის განმავლობაში ყოველ ორშაბათ დღეს მიდიოდა შვილის საფლავზე.

“ერთი ორშაბათი დღე არ გამოუტოვია მამაჩემს. 6 თვეში დავკარგეთ ორი ოჯახის წევრი. ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩვენი ოჯახისთვის. შიოს მეგობრები დღემდე, 30 წლის შემდეგაც, გვერდში გვიდგანან”, – ამბობს ლელა შერმადინი.

ხათუნა შერმადინს ის პერიოდებიც ახსოვს, როცა “შიოს წყაროს” არსებობას საფრთხე დაემუქრა.

“რამდენჯერმე უნდოდათ სხვადასხვა მთავრობის დროს ამ წყაროს გაუქმება. მიზეზი ქალაქის რეკონსტრუქცია იყო, თუმცა სამეზობლომ და შიოს სამეგობრომ არ დაანება არცერთ მთავრობას და ასე შემოინახეს აღნიშნული წყარო”, – ამბობს ხათუნა შერმადინი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.