სტატიები

გორში 2021 წელს 4 მკვლელობა მოხდა – წლის კრიმინალური ქრონიკა

2021 წლის განმავლობაში გორში 4 მკვლელობა და ადამიანის დაჭრის 6 ფაქტის შესახებ გახდა მედიისთვის ცნობილი.

გახმაურებულ მკვლელობებს შორის არის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მომხდარი მკვლელობა, როდესაც შურისძიების მოტივით, 69 წლის მამაკაცმა 50 წლამდე ასაკის მამაკაცი იარაღით მოკლა.

2021 წელს გორში მომხდარი კრიმინალური შემთხვევებიდან აღსანიშნავია ბრიტანეთის მოქალაქის ტომ კენედის მკვლელობა, რის შემდეგაც პოლიციამ 5 მოქალაქე დააკავა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ კენედის გაძარცვა სურდათ, სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს. კენედის გვამი მდინარემ სოფელ ქვახვრელთან გამორიყა.

წლის განმავლობაში, გორში დანაშაული ძირითადად კომენდანტის საათის დროს ხდებოდა. მაგალითისთვის, 8 აპრილს, სწორედ კომენდანტის საათის დროს დაჭრეს 2 მამაკაცი. ასევე კომენდანტის დროს ტყდებოდა ძირითადად ჩასარიცხი აპარატები.

„გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატები თითქმის ყოველდღე ტყდება“ – უთხრა რადიო “მოზაიკას” აპარატის ერთ-ერთმა მფლობელმა. მისი განმარტებით, ჩასარიცხი აპარატების გატეხვა მას შემდეგ მოხშირდა, რაც ქვეყანაში კომენდანტის საათი დაწესდა.

კომენტანტის საათის დროს გატეხეს 10 აპრილს, გორში რაზმაძის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი სასურსათო მაღაზია.

რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ გორში 2021 წელს მომხდარი მკვლელობების და დაჭრის ფაქტების ქრონოლოგიას:

Dec 2021

მკვლელობა

მკვლელობა გორში, კომბინატის დასახლებაში მოხდა. მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 65 წლის მამაკაცი დააკავა.

Nov 2021

მამაკაცი დაჭრეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენთან მამაკაცი მაკრატლით დაჭრეს. დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანეს და რამდენიმე დღეში გამოწერეს. მამაკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 2 პირი დააკავა.

Oct 2021

ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობა

7 ოქტომბერს გორში ბრიტანეთის მოქალაქე ტომ კენედი მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით 5 პირია დაკავებული.

Jun 2021

მკვლელობა

4 ივნისს გორში 42 წლის მამაკაცს ესროლეს, რომელიც კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

May 2021

გორში მამაკაცი დაჭრეს

გორში მამაკაცი დაჭრეს. "ბრალდებულმა ქალაქ გორში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი - 1958 წელს დაბადებულ ვ.კ. ცივი იარაღის გამოყენებით ზურგის არეში დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო" , - აცხადებდნენ შსს-ში.

Apr 2021

მკვლელობა

გორის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. შემთხვევა სოფელ ახალდაბაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი. პოლიციამ 69 წლის მამაკაცი დააკავა. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, შურისძიების მოტივით, თანასოფლელი - 1972 წელს დაბადებული ვ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" , - აცხადებდნენ შსს-ში. ბრალდებულს სასამართლომ 25 წელი მიუსაჯა.

Apr 2021

კომენდანტის საათის დროს 2 მამაკაცი დაჭრეს

შემთხვევა შუაღამე მოხდა. "ბრალდებული ცხელ კვალზე დავაკავეთ" , - აცხადებდნენ გორის პოლიციაში. შსს-ის ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის მე-19 ნაწილით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

Mar 2021

ვერხვების დასახლებაში მამაკაცი დაჭრეს

შსს-მ ერთი პირი დააკავა. ბრალდებულმა მამაკაცმა, ანგარიშსწორების მიზნით, 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოდან 1 თვის შემდეგ გამოწერეს.

Mar 2021

გორში მამაკაცი დაჭრეს.

56 წლის მამაკაცის დაჭრის გამო, 18 წლის ბიჭი დააკავეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.