სტატიები

რა ელის გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს მცოცავი ოკუპაციის პირობებში 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა ვრცელ ინფორმაციას აქვეყნებს მცოცავი ოკუპაციის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში. 

ქაცარავას ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმი უახლოეს პერიოდში აპირებს, რომ დამატებითი ბორდერიზაცია დაიწყოს აძვსა და მეჯვრისხევში. საილუსტრაციოდ  მან რუკებიც გამოაქვეყნა, სადაც მონიშნულია ის პერიმეტრი, რომლის ოკუპაციასაც გეგმავს საოკუპაციო რეჟიმი. 

“რამდენიმე დღის წინ ჩვენ წარმოვადგინეთ ოკუპანტების გეგმა ახალ ბორდერიზაციასთან დაკავშირებით, რომლის პრეზენტაციაც მოხდა 2021 წლის 17 ნოემბერს ოკუპირებულ ცხინვალში. იმისათვის, რომ ამ გეგმის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომლის მიხედვითაც ოკუპანტი გეგმავს დამატებით 200 კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას, გადავწყვიტე ორკების გეგმის ეტაპობრივი გაცნობა საზოგადოებისთვის”, – წერს ქაცარავა. 

პირველ რუკაზე ოკუპანტების მიერ მოხაზულია ის ადგილი რომლის ოკუპაციასაც გეგმავს,  იასამნისფერი ხაზი აღნიშნავს ახალ საოკუპაციო ხაზს, რომელიც მოიქცევს ოკუპაციის ხაზის შიგნით ახალ ტერიტორიებს.

“მეორე რუკა, მაქსიმალურად შევეცადე შესაბამისობაში მომეყვანა ოკუპანტის მიერ მომზადებულ გეგმასთან”, – ამბობს ქაცარავა. 

ქაცარავას თქმით, თუ ამ რუკებით ვიმსჯელებთ, საოკუპაციო რეჟიმი გეგმავს მიითვისოს დამატებით  442 ჰექტარი, ან 4 420 000 კვადრატულ მეტრ მიწას (ცდომილება +/- 10%).

“როდესაც ამ რუკებს ვუყურებ, გული მიჩერდება, სისხლი მეყინება, მინდა არ ვიფიქრო ამ საფრთხეებზე და უფრო პროზაულ, ყოველდღიურ პრობლემებზე გადმოვერთო, დავივიწყო ეს ოკუპაცია და თავი მოვიტყუო, რომ ეს ხელისუფლება ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელსაც ტერიტორიები არ დაუკარგავს და მშვიდობით დაიბრუნებს დაკარგულ მიწა-წყალს”, – ამბობს ის. 

ადგილობრივები შიშობენ, რომ თუკი საოკუპაციო რეჟიმი აღნიშნული რუკების მიხედვით იმოქმედებს, სოფლის სასაფალაოები საოკუპაციო ხაზის მიღმა მოექცევა, ამასთან ერთად ე.წ. საზღვარი გადმოინაცვლებს სარწყავი არხის გასწვრივაც.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.