ახალი ამბები

რადიო “მოზაიკამ” ანა (ოლა) სოლოღაშვილის სახელობის ჯილდოს მფლობელი გამოავლინა

გორის სათემო რადიო “მოზაიკამ” ანა (ოლა) სოლოღაშვილის სახელობის ჯილდოს მფლობელი გამოავლინა – აღნიშნული ჯილდო წელს დევნილ ქალს, ნაზი ბერუაშვილს გადაეცემა.

ნაზი ბერუაშვილი წარმოშობით პატარა ლიახვის ხეობიდან, სოფელ ერედვიდანაა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ის კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს და აქტიურად თანამშრომლობს დევნილთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან.

“რვაჯერ მიიღო მონაწილეობა ქართულ–ოსურ შეხვედრებში, სადაც საუბრობდა კონფლიქტების დარეგულირების და ნდობის აღდგენის საკითხებზე. მხარს უჭერს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს ქალის როლის გაძლიერებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აქტიურად იბრძვის ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის”, – ვკითხულობს იმ დახასიათებებში, რომლებიც რადიო “მოზაიკას” სხვადასხვა პირებმა მის შესახებ წარუდგინეს.

ჯილდოზე წელს სასურველი კანდიდატი 95-მა ადამიანმა წარადგინა. ორგანიზაციამ ნომინანტებიდან საუკეთესო აპლიკაციების საფუძველზე შეარჩია.

გამარჯვებული ჯილდოს სპონსორებისა და მხარდამჭერებისგან (ანტისაოკუპაციო მოძრაობა, სუპერმარკეტი “მადაგონი”, სილამაზის აკადემია “სექტორი #1”, სილამაზის ცენტრი “GOLD”) სხვადასხვა სახის პრიზებს მიიღებს.

ჯილდოს შესახებ

ანა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში დაიბადა და მთელი ცხოვრება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ბრძოლას მიუძღვა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრის და საკუთარი ბრძოლის გამო, საბჭოთა კავშირის მიერ დახვრეტილი ქალის სახელობის ჯილდოს რადიო “მოზაიკა” გადასცემს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალს, რომელიც ქვეყნისთვის საჭირო, სასარგებლო და ღირებულ საქმეს აკეთებს.

დატოვეთ კომენტარი