ახალი ამბები

ბადრი ბასიშვილმა შიმშილობა დაიწყო

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შიდა ქართლის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა ბადრი ბასიშვილმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო.

“ვუერთდები ჩემს თანამებრძოლებს და ბრძოლის ეს ეტაპი იქნება შიმშილობა, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია შედგეს ეროვნული თანხმობა. საქართველო გაიმარჯვებს” , – აცხადებს ბადრი ბასიშვილი.

ენმ-ის ცნობით, პარტიის ოფისთან ამ დროისთვის 9 კარავია გაშლილი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით კი ამ ეტაპზე 300-მდე ადამიანი შიმშილობს.

შიმშილობს თავად “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე შიმშილობის აქციაში ჩაერთვნენ პარტიის სხვა ლიდერები, მათ შორის გიორგი ბარამიძე, აკაკი მინაშვილი და გიორგი ბოტკოველი.

მასობრივი შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გააჟღერა.

დატოვეთ კომენტარი