ახალი ამბები

ქაცარავა: რატომ დუმს ხელისუფლება მამუკა ჩხიკვაძის გატაცებასთან დაკავშირებით? 

ოთხი დღის წინ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მამუკა ჩხიკვაძე უკანონოდ დააკავეს. ამ დრომდე ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან მისი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მისი უკანონოდ დაკავებისთანავე ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს. მისი ინფორმაციით, მამუკა ჩხიკვაძე ნაცემია.

“რატომ დუმს ეს ხელისუფლება მამუკა ჩხიკვაძის გატაცებასთან დაკავშირებით??? იმიტომ რომ მამუკა ჩხიკვაძე, ქართველი ჯარისკაცი, ღირსეული მამულიშვილი, სასტიკად ნაცემია!!! საოკუპაციო რეჟიმმა მამუკა ჩხიკვაძე სასტიკად სცემა!!! მეოთხე დღეა ოფიციალური სტრუქტურები ხმას არ იღებენ!”, – წერს ქაცარავა. 

დავით ქაცარავა მთავრობას მიმართავს და ამბობს, რომ თუკი შესაბამისი რეაგირება არ იქნება, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. 

“დღეს დღის ბოლომდე, სასწრაფოდ გაგვაცანით სამოქმედო გეგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიწყებთ საპროტესტო აქციებს, რომლებიც არც თქვენ მოგეწონებათ და არც თქვენს ბოსებს კრემლში! გინდათ, გითხრათ სად პატრულირებენ რუსები ჩვენს “კონტროლირებად” ტერიტორიაზე და სად შეგიძლიათ მათი დაკავება თუნდაც იმისთვის, რომ მერე გაცვალოთ მამუკა ჩხიკვაძეში!?  მაგრამ ამას არ იზამთ, გირჩევნიათ ჩუმად გათხრილები ისხდეთ თქვენს კაბინეტებში თბილად და ბოლომდე არ შეიმჩნიოთ ქართველი ჯარისკაცის წამება!”, – წერს ქაცარავა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.