ახალი ამბები

გორის უნივერსიტეტში ჭაბუა ამირეჯიბის 100 წლის იუბილე აღინიშნა

30 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ჭაბუა ამირეჯიბის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება.

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, გორში ერთ-ერთ ქუჩას ჭაბუა ამირეჯიბის სახელი დაერქმევა.

შეხვედრა გახსნა და ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედების შესახებ ისაუბრა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. ჭაბუა ამირეჯიბის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს მწერალმა მერაბ რატიშვილმა, გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, პოეტმა ჯემალ ინჯიამ, კინორეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ, რომელმაც საზოგადოებას ამცნო, რომ ახალი მოწვევის საკრებულო განიხილავს გორის ერთ-ერთი ქუჩისთვის ჭაბუა ამირეჯიბის სახელის მინიჭების საკითხს”, – ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს

ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის ქეტევან ბარბაქაძის ინფორმაციით კი, უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის დაწესდა ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის სტიპენდია.

“აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, გორის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის დაწესდა ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის სტიპენდია“, – აცხადებს ბარბაქაძე

შეხვედრის დროს, თურქეთის რესპუბლიკის, ქალაქ რიზედან ონლაინ ჩაერთო ცნობილი ქართველოლოგი, ჰარუნ ჩიმქე, რომელმაც ქართულიდან თურქულ ენაზე თარგმნა ჭაბუა ამირეჯიბის რომანი „დათა თუთაშხია“, მთარგმნელმა ისაუბრა ავტორთან რამდენიმე შეხვედრის ისტორიასა და ტექსტზე მუშაობის პროცესზე. ღონისძიებაზე ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტმა თეონა მაისურაძემ წაიკითხა ამონარიდი რომანიდან „დათა თუთაშხია“.

დასასრულს, სტუმრებს მადლობა მოახსენა და მამის ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენა ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟმა, შალვა ამირეჯიბმა

დატოვეთ კომენტარი