ახალი ამბები

ატენში ღვინის პარკის მოწყობა იგეგმება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ღვინის პარკის მოწყობა იგეგმება. იდეის ავტორი ატენში მცხოვრები სოსო ვანიშვილია.

ადგილი სადაც ვანიშვილი დონორების დახმარებით ღვინის პარკის მოწყობას გეგმავს სოფლის შესასვლელშია, როგორც ის ამბობს მაკეტი უკვე მზადაა და ახლა თანამოაზრეებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

“ამ სივრცეში იქნება რეკრეაციული ზონა, ბავშვთა გასართობი სივრცე, სკამები, განათება, ღვინის ბოთლის სკულპტურა, სავაჭრო ჯიხურები ადგილობრივი პროდუქციისათვის. საპირფარეშოები,პარკირება და რა თქმა უნდა ულამაზესი ატენის ხეობის ხედი”, – ამბობს სოსო ვანიშვილი

სოსო ვანიშვილის თქმით აღნიშნულ სივრცეში ადგილობრივები საკუთარი პროდუქციის რეალიზებას შეძლებენ.

“ეს იქნება ადგილი სადაც მოხდება ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაცია. ჯერჯერობით ეს არის მონახაზი, იდეა, რომელსაც ვიზუალური სახე მივეცი. ხარჯთაღრიცხვას ვამზადებ, იაფი ნამდვილად არ დაჯდება ეს პროექტი და მაქსიმალურად ვეცდები თანხების მოძიებას. ბოლომდე ჩავერთვები ამ საქმეში, ეს იქნება ფიზიკური ძალა თუ გამოცდილება და ფინანსები. მე ყველანაირად მივიღებ მონაწილეობას”, – თქვა ვანიშვილმა

სოსო ვანიშვილი ფიქრობს, რომ ეს პროექტი ატენში ტურისტების რაოდენობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

დატოვეთ კომენტარი