ახალი ამბები

რატომ ვერ დაიწყებს მუშაობას 5 ოქტომბრიდან გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 5 ოქტომბრიდან ვერ განახლდება. 

სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომ 4 ოქტომბრიდან საბავშო ბაღები მუშაობას განაახლებდნენ, გარდა იმ ბაღებისა, სადაც სარემონტო სამუშაობი მიმდინარეობს. 

გუშინ საღამოს, 4 ოქტომბერს სააგენტომ ახალი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბრის ნაცვლად, 5 ოქტომბერს დაიწყებოდა, თუმცა შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ სააღმზდელო პროცესი, ვერც 5 ოქტომბრიდან განახლდება. 

“გაცნობებთ, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის, კერძოდ, ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემის გამო, გორის მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 5 ოქტომბერს ვერ განახლდება. სააღმზრდელო პროცესი დაიწყება აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთანავე. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

განცხადებას მშობლების უკმაყოფილება მოჰყვა. მათი თქმით, იმ დროის განმავლობაში, რაც ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული იყო, სააგენტოს ყველა პრობლემა უნდა მოეგვარებინა. 

“აქამდე რომ მოგეგვარებინათ, ხომ შეიძლებოდა?! მეორე დღეა ასე გვატყუებთ, ყველა ბაღში როგორ არ არის გაზი?”. 

“ყველა ბაღს ერთდროულად შეუწყდა გაზის მიწოდება? რა სასაცილოა”. 

“სამარცხვინოა უკვე ამდენი ხანი ველოდებოდით, გუშინ 5 რიცხვი დაწერეთ და დღეს კიდევ გაურკვევლობაში ჩაგვაგდეთ, საერთოდ დაიწყება თუ არა. როგორ ვერ იზრუნეთ აქამდე. მიზეზები არ დაგელევათ”, – წერენ მშობლები სააგენტოს ფეისბუქგვერდზე. 

რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემა ელექტროენერგიაზე უნდა გადაიყვანონ, რის გამოც სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა ზუსტი მიზეზი, რამ გამოიწვია საბავშვო ბაღებში ბუნებივი აირის მიწოდების პრობლემა და როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი, ისევ უცნობია, რადგან სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა რადიო “მოზაიკას” ზარებს არ უპასუხა. 

გაზმომარაგების კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მათი მხრიდან გათიშვა “ამ ეტაპზე არ არის და არც გეგმიური სამუშაოებითაა გათვალისწინებული უახლოეს პერიოდში”. 

დატოვეთ კომენტარი