ახალი ამბები

ტრანსგენდერის ცემისთვის დააკავეს ენმ-ის კანდიდატის შვილი, რომელიც დაკარგული ეგონათ

მერეთის თემში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი კანდიდატის ლევან ბიძინაშვილის შვილი გლდანი-ნაძალადევის პოლიციაში იმყოფება. როგორც ცნობილია, იგი ტრანსგენდერი ქალის ცემის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია” , – ოფიციალურ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციისთვის, ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატის შვილი ოჯახის წევრებს რამდენიმე საათის განმავლობაში დაკარგული ეგონათ. პარტიის აქტივისტები სამხარეო პოლიციასთან იყვნენ შეკრებილები და უწყებას ლუკა ბიძინაშვილის ადგილსამყოფელის დადგენას სთხოვდნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ იგი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. საბოლოოდ, შსს-მ ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ ლუკა ბიძინაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი -ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.