სტატიები

გორის უნივერსიტეტში ლექციებს უცხოელი ლექტორები წაიკითხავენ 

გორი სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2021 – 2022 სასწავლო წელს ლექციებს უცხოელი ლექტორები წაიკითხავენ. 

უნივერსიტეტმა პოლიტიკის კომუნიკაციებსა და ბიზნეს ეთიკის სალექციო კურსის ჩასატარებლად აკადემიური პერსონალი პოლონეთიდან მოიწვია.  მოწვეული პროფესორები ლექციებს 1 აკადემიური სემესტრის განმავლობაში ინგლისურ ენაზე წაიკითხავენ. 

გორის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამსახურის ხელმძღვანელი, ზურაბ ზურაბაშვილი ამბობს, რომ პოლონელი პროფესორების მოწვევით უნივერსიტეტი საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. 

“ერთი პროფესორი გახლავთ გდანსკის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორი, არკადიუშ მოდრჟეიევსკი. ის წაიკითხავს სალექციო კურსს ჩვენი უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამაზე. კურსის სახელწოდება იქნება პოლიტიკის კომუნიკაციები. ეს იქნება სავალდებულო სასწავლო კურსი.  მეორე ლექტორი არის პროფესორი ლეჟეკ კარჩევსკი ოპოლეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის მიმართულებით. ის წაიკითხავს ბიზნეს-ეთიკას ბიზნესი ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო პროგრამაზე”, – ამბობს ზურაბ ზურაბაშვილი. 

მისი თქმით, აღნიშნულ სალექციო კურსებს მეორე და მესამე კურსის სტუდენტები ინგლისურ ენაზე მოისმენენ, ხოლო სასწავლო კურსის სხვა კომპონენტების განხორციელებაში ჩაერთვებიან ქართველი ასისტენტები, როგორიცაა გამოცდების ჩაბარება, ქვიზების მომზადება და ასე შემდეგ.

ზურაბ ზურაბაშვილი

ჩვენ ვცდილობთ რომ ინსტიტუციური ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით  გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები. გარდა იმისა, რომ ჩვენ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში აქტიურად ვართ ჩართული, ერთ-ერთი ნაბიჯი იყო უცხოელი აკადემიური პერსონალის მოწვევა და სწორედ ამ მიზეზით, გადავწყვიტეთ გვეთანამშრომლა აღნიშნულ პროფესორებთან და მოვიწვიეთ ჩვენს პროგრამებში ჩართვის მიზნით.

ინფორმაციისთვის, გორის უნივერსიტეტს გდანსკისა და ოპოლეს უნივერსიტეტებთან ასევე აქვს გაცვლითი პროგრამები, უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ აღნიშნული სალექციო კურსები უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობას მნიშვნელოვნად გააღრმავებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.