სტატიები

რატომ ითხოვს გორის მერი „ტვ პირველისგან” ბოდიშის მოხდას – ფილების ამბავი

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი “ტვ პირველისგან” ბოდიშის მოხდას ითხოვს.

აღნიშნულმა მედიასაშუალებამ მოამზადა მასალა, რომლის მიხედვითაც, თავზარაშვილმა სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან უსასყიდლოდ მიიღო სამშენებლო ფილები.

“გორის მერმა ქალაქში დასაგები ფილები სახლში წაიღო. “ტვ პირველს” წყარო უყვება, რომ კოტე თავზარაშვილს ტროტუარებისთვის განკუთვნილი ფილები ეზოში აქვს გადამალული. პირველებისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამშენებლო მასალა გორის მერმა ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ე.წ.ატკატის სახით მიიღო” , – სიუჟეტი აღნიშნულ საკითხზე “ტვ პირველის” ჟურნალისტმა მალხაზ მიქელაძემ მოამზადა.

მიქელაძის თქმით, თავზარაშვილმა მის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. გორის მერი აღნიშნულ სიუჟეტს დღის ბოლოს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, შემდეგ კი, ბრიფინგი გამართა.

თავზარაშვილის თქმით, ფილები ფერით და ფორმით რადიკალურად განსხვავდება იმ ფილებისგან, რომლებიც ქალაქში იგება. იგი ამბობს, რომ “ტვ პირველს” მიზანმიმართულად შეჰყავს მაყურებელი შეცდომაში. მან ასევე ჟურნალისტებს წარუდგინა ფილების ყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

“ამ ტენდერთან საერთოდ არ მაქვს კავშირი, მსოფლიო ბანკმა დააფინანსა ეს პროექტი და მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი. მე საერთოდ სხვა კომპანიისგან ვიყიდე ეს ფილები. მოვითხოვ ბოდიშის მოხდას მედიასაშუალებისგან და იმ ჟურნალისტისგან, რომელმაც ეს სიუჟეტი მოამზადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცილისწამებისთვის სასამართლოს მივმართავ” , – განაცხადა თავზარაშვილმა.

გორის მერის მიერ წარმოდგენილი ქვითრები 5 აგვისტოთი თარიღდება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.