ახალი ამბები

გორში შეძენილი უაქციზო სიგარეტის გამო 2 პირი აჭარაში დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. უწყების ცნობით, დაკავებულია 2 პირი.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ქ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძინა და მეორე დაკავებულთან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით აჭარის ტერიტორიაზე გადაზიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „OSCAR“-ის და „MAC“-ის დასახელების უაქციზო სიგარეტი”, – აცხადებენ სამართალდამცავები.

ინფორმაციისთვის, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 11 000 ლარს შეადგენს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.