სტატიები

ომგამოვლილი ქალები და მათი საჭიროებები 13 წლის შემდეგ

“აქ მცხოვრები ყველა ქალი გმირია”.

მაგული ოქროპირიძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ცხოვრობს. ომის დროს, მაგული ფეხმძიმედ იყო და ერთით მეტი საზრუნავი ჰქონდა.

მაგული ოქროპირიძე, დევნილი

ბოლო დღემდე სოფელში ვიყავი, მაგრამ როცა ძალიან საშიში გახდა აქ დარჩენა, ჩემი ოჯახის წევრები და ორი პატარა ბავშვი წავიყვანე გორში. უკან ვეღარ დავბრუნდი და აღმოვჩნდი სამშობიაროში. სატანკო ნაწილში რომ ჩამოვარდა ბომბი, სამშობიაროს ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. ჩემს ახლადგაჩენილ შვილს მოვკიდე ხელი, გულზე მივიკარი და სარდაფში გავიქეცი. შემდეგ გორის სამშობიაროს დაცლაც დაიწყო და თბილისში წავედით. დღესაც, როცა ჩემს შვილს დაბადების დღეს ვულოცავ, ცრემლებისა და ემოციების გარეშე არ გამომდის.

მაგულის ოჯახი ომის დასრულების შემდეგ, შემოდგომით დაბრუნდა სოფელში. ყველაფერი დანგრეული, დამწვარი და განადგულებული დახვდა.

“ძალიან გვინდოდა ისევ ჩვენს მიწაზე დაგვედგა ფეხი და ალბათ ამ სურვილმა შეგვაძლებინა, რომ ყველაფერი თავიდან დაგვეწყო. სოფელი მთლიანად გაპარტახებული იყო. მძიმე დაღად დააჩნდა აქაური ქალების ცხოვრებას ის დღეები”, – ამბობს მაგული.

მაგული ამბობს, რომ ომმა ყველაზე მეტად გავლენა ქალების ფსიქო-ემოციურ მდგომარებაზე მოახდინა. ამ მოსაზრებას იზიარებენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც უკვე 13 წელია, ომის შედეგად დაზარალებული ქალების დასახმარებლად მუშაობენ.

ერთ-ერთი ასეთი კარალეთის დევნილთა დასახლების სათემო ორგანიზაცია “ლამპარია”. მისი წარმომადგენელი ნონა ნიკოგოსოვიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილია და კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.

ნონა ნიკოგოსოვი, “ლამპარის” წარმომადგენელი

სხვადასხვა ორგანიზაციები ქალებს ეხმაურებოდნენ ომის შედეგად გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში და ახალ გარემოსთან სრულფასოვან ადაპტაციაში. ჩვენს დასახლებაშიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ორგანიზაციები მუშაობდნენ. მათ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს ქალებსა და ბავშვებს, ომის შედეგად დატოვებული სტრესის დაძლევაში, თუმცა ახალ გარემოსთან სრულფასოვანი ადაპტაციისთვის ეს საკმარისი არ არის

სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ დევნილ ქალებს არაერთი პრობლემა აქვთ. ისინი ამბობენ, რომ დევნილთა დასახლებები დღემდე ვერ სთავაზობს მათ ისეთ პირობებს, როგორიც მშობლიურ სოფლებში ჰქონდათ. არსებობს როგორც ინფრაქსტრუქტურული ისე, სოციალური პრობლემები.

ადგილობრივი ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პრობლემების მოგვარებას ეტაპობრივად ცდილობენ. ქურთის მუნიციპალიტეტს აქვს სხვადასხვა სოციალური მიმართულებები, რომლის ფარგლებშიც დახმარებას უწევენ დევნილებს.

ლელა თუთარაშვილი, ქურთის გამგეობის წარმომადგენელი

უნდა აღინიშნოს, რომ დევნილ ქალებს დიდი სირთულეების დაძლევა მოუხდათ ომის შემდეგ და დღესაც არაერთი საჭიროება უდგათ. ჩვენი მუნიციპალიტეტი დევნილთა დასახლებებში პერიოდულად არიგებს სხვადასხვა პროდუქტს – ფქვილი, ზეთი და ასე შემდეგ. დედებისთვის გვაქვს ახალშობილებზე დახმარება. ასევე გვაქვს დახმარება მრავალშვილიანი დედებისთვის და გვაქვს დევნილი მასწავლებლების დახმარების პროგრამაც.

ექსპერტები ფიქრობენ, ახალ გარემოში ადაპტაციის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და კორონავირუსის პანდემია ამის შემაფერხებელი იქნება. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ დევნილი ქალების დახმარებისა და გაძლიერებისთვის მუნიციპალიტეტებმა ერთიანი ხედვა და სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაონ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.