ახალი ამბები

გორში “მწვანე ფილმების ფესტივალი” იწყება

10 აგვისტოს, 19:00 საათზე გორის თეატრის სკვერი “მწვანე ფილმების ფესტივალს” უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ია.

ფესტივალი გორში ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ის გარემოს დაცვის საკითხებზე, დოკუმენტური ფილმების ჩვენებით ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, მოგვიანებით კი ღონისძიებას გარემოს დაცვის თემაზე ვიქტორინა დაასრულებს. გამარჯვებულებს კი სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

“ფილმები, რომლებიც ფესტივალზე იქნება ნაჩვენები, კიდევ ერთხელ დაგავფიქრებს, თუ რა ზიანს აყენებს ადამიანი დედამიწას და რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ბუნებრივი რესურსების არასწორმა მართვამ. ფილმებიდან გავიგებთ, რა იწვევს კლიმატის ცვლილებებს, წყალდიდობებს, კატაკლიზმებს და ა.შ. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. მის მონაწილეებს, საკუთარი ქალაქის გარემოს დაცვის ზრუნვის მიზნით, აქტივობების დაგეგმვის შესაძლებლობა მიეცემათ”, – აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი გორში ირმა კიტრიაშვილი.

ინფორმაციისთვის, ფესტივალი 10-დან 13 აგვისტოს ჩათვლით, გორის თეატრის სკვერში კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები