ახალი ამბები

შინდისის გმირების მემორიალთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინდისში, 17 გმირის მონუმენტის დადგმა აგვისტს ომიდან 13 წლის თავზეც ვერ ესწრება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “შინდისის გმირების მემორიალის ფონდის” თანამშრომლების მხრიდან შესაძლო თაღლითობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისა და გაფლანგვის შესახებ.

უწყების ცნობით, შინდისის გმირების მემორიალის აგების მიზნით, 2011 წელს კერძო ინიციატივით დაფუძნდა „შინდისის გმირების მემორიალის ფონდი“, რომელსაც არაერთხელ აქვს მიღებული დაფინანსება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, ჯამში 930 000 ლარის ოდენობით (2018 წლის 27 თებერვალი – 100 000 ლარი, 2018 წლის 13 ივლისი – 530 000 ლარი, 2018 წლის 8 ნოემბერი – 300 000 ლარი).

“დადგინდა, რომ ფონდს მიღებული აქვს 230 000 ლარი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და ფიზიკური პირებისაგან.
მემორიალის დროულად აგებისა და მონტაჟის პროცესი შეაფერხა სამართლებრივი რეაგირების მექანიზმის არარსებობამ, ვინაიდან სამინისტროს არ გააჩნდა სახელშეკრულებო ურთიერთობა ზემოხსენებულ სუბიექტთან. დღეის მდგომარეობით, ფონდის მიზნები არ არის მიღწეული, მიუხედავად გამოყოფილი ფინანსური რესურსისა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში „შინდისის გმირების მემორიალის ფონდის“ ცალკეული თანამშრომლების მიერ შესაძლო თაღლითობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად”,
 – განმარტავენ თავდაცვის სამინისტროში.

ინფორმაციისთვის, შინდისის გმირების მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია სპეციალური ბანერი, რომელზეც 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიციაა გამოსახული. იქვე ახლოს კი ომიდან 13 წლის თავზე ჯერ ისევ მხოლოდ 2 ფიგურაა განთავსებული

დატოვეთ კომენტარი
ტეგები