ადამიანები ისტორიები

ჯარისკაცის დედა და აგვისტოს ომი

რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ორი ჯარისკაცის დედა, გორელი აზა ნადიბაიძე რადიო მოზაიკასთან აგვისტოს ომს იხსენებს. 

“სროლის ხმა ცხინვალის მხრიდან ხშირად ისმოდა. 7 აგვისტოსაც უჩვეულო არაფერი იყო ჩემთვის. მხოლოდ მაშინ ვიგრძენი ომის დაწყების საშიშროება, ჩემი შვილები სამხედრო სამსახურიდან ღამით შინ რომ არ დაბრუნდნენ. გამოცხადებული ომის ქრონიკის შემდეგ, მე და ჩემს მეუღლეს ერთადერთი მიზანი გვქონდა, ჩვენი შვილებისთვის ომის ტვირთი შეგვემსუბუქებინა და ჩვენც შეგვეტანა ქვეყნის გადარჩენისთვის პატარა წვლილი მაინც. სარდაფი ისე მოვაწყვეთ, საცხოვრებელი პირობები რომ ყოფილიყო – მეზობლების უმრავლესობა ჩვენს სარდაფს შევაფარეთ. ერთად თითქოს უფრო გვიადვილდებოდა იმ სიმძიმის გადატანა, რაც მაშინ ხდებოდა. ჩემი ერთი ვაჟი ცხინვალში ჰყავდათ წაყვანილი, მეორე გორში ვერხვების სატანკო ნაწილში მსახურობდა. 2 დღის განმავლობაში, ვცდილობდი მათთან კომუნიკაციას, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ ერთი შეტყობინება მივიღე 9 აგვისტოს დილას: დედა არ ინერვიულო, ცოცხლები ვართო; იცოდე, რაც არ უნდა მოხდეს, ერთი რამაა მთავარი, ხომ იცი შენი შვილები არასოდეს შეგარცხვენთ შენ და სამშობლოსო!“ – გვეუბნება ჯარისკაცების დედა.

9 აგვისტოს რუსულ ბომბდამშენებმა გორის სატანკო ნაწილი დაბომბეს, იქ სხვა ჯარისკაცებთან ერთად აზა ნადიბაიძის შვილი, ლევან ნადიბაიძეც იმყოფებოდა.

“დაბომბვის შემდეგ სწრაფად გავრცელდა ინფორმაცია, რომ იქ მყოფი ყველა ჯარისკაცი გარდაიცვალა, ფეხშიშველი გავიქეცი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, იქ ჩემსავით ბევრი მშობელი იყო მისული, ისმოდა მხოლოდ დედების ტირილი და გოდება. დედები შვილებს გარდაცვალებულთა სიაში კითხულობდნენ. ჩემი შვილი სადღაც ბოლოში ეწერა, დაჯერება არ მინდოდა, რამდენჯერმე წავიკითხე. ამის შემდეგ, სხვა დედებთან ერთად შევედი ოთახში, სადაც გარდაცვლილი ჯარისკაცები ჰყავდათ და იქ შვილის ცხედარს ვეძებდი. ბევრმა დედამ იპოვა იქ მოკლული შვილი. ჩემი შვილი იქ არ იყო. ნაცნობი ექთანი ანგელოზივით მომევლინა და მითხრა, რომ ლევანი მრავლობითი ჭრილობებით პალატაში იმყოფებოდა. მაშინ მეორედ დავიბადე.“

აზამ 11 აგვისტოს გაიგო, რომ მისი მეორე შვილი ტყვედ აიყვანეს. ამ ამბავმა მისი მეუღლის ჯანმრთელობა იმსხვერპლა. 

“11 აგვისტოს ცრუ ინფორმაცია მივიღე, რომ ჩემი მეორე ვაჟი ტყვედ წაიყანეს. ჩემმა მეუღლემ ამ ინფორმაციას ვეღარ გაუძლო და გულის ინფაქტი დაემართა. მე მხოლოდ ლოგინადმყოფი მეუღლის მოვლით არ დავკავებულვარ, როდესაც იძინებდა დავდიოდი ეკლესიაში მეუფე ანდრიასთან და ვეხმარებოდი მრევლს საკვები პროდუქტების მოსახლეობასთან დარიგებაში. ჩემი შვილები რუსულ აგრესიას ცოცხლად გადაურჩნენ, ორივე დამიბრუნდა, თუმცა სხვა დედების ტკივილიც დღემდე მტანჯავს. მეუღლის ომის შედეგად მიღებულ ავადმყოფობას 11 წელი ვებრძოდი. ვერ გდავარჩინე, ჩემი ჯარისკაცების მამა“, –  ამბობს აზა ნადიბაიძე

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.