ადამიანები ისტორიები

სიგარეტების გამყიდველი “მამიდას” ომის დროინდელი ისტორია

გორის გასასვლელთან, ვერვხვების დასახლებაში, 67 წლის ნათელა მაზმიშვილი ალბათ ყველას შეუმჩნევია, ვისაც ამ გზაზე ერთხელ მაინც გაუვლია. აქ ის 18 წელია, სიგარეტს ყიდის. სამხედრო ნაწილთან გამოტანილ სტელაჟთან ძრითადად ჯარისკაცები იკრიბებოდნენ და მისი ძირითადი მყიდველებიც სწორედ ისინი იყვნენ.

ნათელა მაზმიშვილს, მეტსახელად “მამიდა” შეარქვეს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეც ხშირად ესაუბრებოდნენ. მისი შვილიც ჯარისკაცი იყო.

2008 წლის 9 აგვისტოს ამ ადგილას ის ერთ-ერთ სამხედრო პირს ესაუბრებოდა, როდესაც ვერხვების დასახლება დაიბომბა. სამუშაო ადგილის დროებით მიტოვებაც სწორედ ამ პერიოდში მოუწია.

“მე და პოლკოვნიკი ქებაძე ვიდექით ერთად ამ ადგილას, როდესაც გადმოიფრინა რუსულმა ვერტმფრენმა და ფეხებთან ტყვიები დაგვაყარა. მე სხვა ვეღარაფერი მოვიფიქრე, გადავხტი და ხეს შემოვეხვიე. ეს კაცი კი იმ წუთშივე ძირს დაწვა, პოლკოვნიკი იყო და იცოდა, მე ვერ გავიაზრე. შემდეგ ისევ გადაიფრინა ვერტმფრენმა და დაბომბა სამხედრო ნაწილი და შემდეგ ბინები. ეგ დაბომბვა რომ მოხდა, ჩავალაგე ჩემი პარკები და გავიქეცი. მახსოვს, გამორბოდნენ ბიჭები, დასისხლიანებულები. ჯარისკაცები იყვნენ. 3 ბიჭი წავიყვანე ჩემთან სახლში, შევედით სარდაფში. სპირტი მქონდა, იმით მოვუწმინდე ის სისხლიანი მკლავები. “მამიდას მეძახდნენ”, ჩემგან სიგარეტებიც მიჰქონდათ ნისიად. იმ დაბომბვის მერე რომ წავიყვანე, საშინელ მდგომარეობაში იყვნენ. ჩქარა, მამიდა, ჩქარა, – მათი შეძახილები ახლაც ყურებში ჩამესმის”, – იხსენებს ნათელა მაზმიშვილი.

რამდენიმე საათში ნათელა მაზმიშვილმა, სარდაფში შეფარებულ ჯარისკაცებთან ერთად, ჰოსპიტალში მისვლა გადაწყვიტა, სადაც ნათელა მაზმიშვილს ნაცნობი მოხუცი შეხვდა. ის კაცი თავის რძალს ეძებდა და დახმარება სწორედ ნათელა მაზმიშვილს სთხოვა. ეს მომენტი მისთვის, როგორც რადიო “მოზაიკასთან” საუბარში ამბობს, 13 წლის შემდეგაც ყველაზე მძიმედ გასახსენებელია.

“ცოტა რომ ჩაწყნარდა სიტუაცია, ჰოსპიტალში წავედით. იქ ერთი ბერბუკელი კაცი დამხვდა. თავის რძალს ეძებდა. მე ვიცნობდი იმ ქალს, მაწვნები დაჰქონდა ხოლმე, გიული ერქვა. მეც ხშირად ვყიდულობდი მისგან მაწვნებს. იმ კაცმა მითხრა, რომ ჩემი რძალი დილით გამოვიდა სოფლიდან, მაწვნები წამოიღო და მას მერე აღარ გამოჩენილა, არ ვიცით, ცოცხალია თუ მკვდარიო. ჩავედი მორგში, უნდა მეპოვნა ის გიული. დღემდე ვნანობ, ნეტავ იქ არ შევსულიყავი და არ მენახა ის სურათი. კედელთან ჩაყოლებაზე სულ ჯარისკაცების ცხედრები იყო, ფორმიანები ერთ მწკრივში იყვნენ, მხოლოდ 3 იყო მათ შორის მოქალაქე. ექიმმა მითხრა, თუ შეგიძლია შედი და ამოიცანი, ვისაც ეძებო. შევედი დავხედე ყველას, მაგრამ ის ქალი იქ არ იყო. გამოვედი, გამოვუტანე ამ მოხუც კაცს ამბავი, რომ მისი რძალი გარდაცვლილებში ვერ ვნახე. როგორც მერე გავარკვიეთ, ბინების წინ ყოფილა ვერხვებზე დაბომბვის დროს და უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს თბილისში. გადარჩა ეს ქალი, მაგრამ მას შემდეგ ვეღარ საუბრობს, მეტყველება დაკარგა”, – ამბობს ნათელა მაზმიშვილი.

იმ პერიოდში, ნათელა მაზმიშვილთან ერთად მის სარდაფში მეზობლებიც ათენებდნენ, თუმცა საკუთარ თავზე მეტად, როგორც თავად ამბობს, იმ დროს შვილის სიცოცხლე ადარდებდა. იმ დროს, როდესაც ქართულმა ჯარმა ცხინვალიდან უკან გამოსვლა დაიწყო და როცა უკვე რუსის ჯარი გორში შემოსვლას იწყებდა, ნათელა მაზმიშვილს შვილი ტელეფონით დაუკავშირდა და მისი სამხედრო ტანსაცმლის და ფოტო-სურათების გადამალვა სთხოვა. დედამ კი შვილის ინდეტიფიცირების გასაქრობად, ღამის 2 საათზე ყველაფერი ნანგრევებში გადამალა. ამ პერიოდს ჯარისკაც შვილთან ერთად, ყოველი აგვისტოს დადგომისას იხსენებს.

აგვისტოს ომიდან 13 წლისთავზე ისევ გადაშალა “ნისიების რვეული”, რომელსაც რელიქვიად ინახავს. ამბობს, რომ ომში წასულ ჯარისკაცებს სიგარეტები აჩუქა და ყუთებით გაატანა.

“ბევრს ნისიად მიჰქონდა სიგარეტები და მერე ერთიანად მიხდიდნენ. აგვისტოს წინა დღეებში, ყუთებითაც გავატანე ჯარის ბიჭებს. მახსოვს მანამდე ერთ-ერთს შევახსენე ვალი რომ დაგიგროვდა, როდის გადამიხდითქო. მითხრა, რომ ახლაც გამატანე და ერთიანად გადაგიხდი თვის ბოლოსო. ომი რომ დამთავრდა ვიღაც მისმა ახლობელმა მომიტანა მისი ვალი, 118 ლარი. ალბათ ვინმესთვის ჰქონდა მანამდე ნათქვამი. თვითონ კი ომში დაღუპულა”, – იხსენებს ნათელა მაზმიშვილი.

ნათელა მაზმიშვილი სამუშაო ადგილს ქალაქიდან რუსების გასვლისთანავე დაუბრუნდა, მაგრამ ჯარისკაცები უკვე იშვიათად აკითხავენ სიგარეტის საყიდლად.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.