ახალი ამბები

ქორჩილავა: შინდისის გმირების მონუმენტის დადგმაზე ღარიბაშვილმა დაპირება არც წელს შეასრულა

აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მონუმენტი სოფელ შინდისში 13 წლის შემდეგაც არ დადგმულა, – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბექა ქორჩილავამ გააკეთა.

მისი განმარტებით, მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას დაპირდა, რომ მონუმენტი შინდისში წელს განთავსდებოდა, თუმცა ქორჩილავას თქმით, ახლა უკვე პრემიერ მინისტრმა ეს დაპირება შეუსრულებელი დატოვა.

“ერთი წლის წინ, მაშინდელი თავდაცვის და ახლანდელი პრემიერ-მინისტრი საჯაროდ დაპირდა მოსახლეობას და დაღუპული სამხედროების ოჯახებს, რომ მომავალ წელს შინდისში დადგამდნენ მონუმენტს, თუმცა დაპირება ამ დრომდე დაპირებად რჩება. ეს იყო მატყუარა პრემიერის მორიგი ტყუილი დაპირება. ჩვენი ინფორმაციით, მონუმენტი გამზადებულია, ყალიბებშიც ჩამოსხმულია, უბრალოდ ტრანსპორტირებაა საჭირო ზაჰესიდან შინდისამდე. როგორც ვიცით, თანხას არ უხდიან ჯერჯერობით, ვინც ეს უნდა ჩაიტანოს და დაამონტაჟოს მემორიალთან”, – ამბობს ბექა ქორჩილავა.

ინფორმაციისთვის, მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია სპეციალური ბანერი, რომელზეც 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია არის გამოსახული.

ბრინჯაოს ძეგლის ასაგებად მილიონ ლარამდე გამოიყო. საქართველოს მთავრობის წილი ამისთვის 530 000 ლარია, თავდაცვის სამინისტრომ კი 400 000 ლარი გამოყო.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები