ადამიანები ისტორიები

დალი ღოლიჯაშვილი კენჭებით და ქვებით ეზოს დეკორაციებს ქმნის

დალი ღოლიჯაშვილმა ეზოს დეკორაციების შექმნა სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც საცხოვრებლად სოფელ კარალეთში გადავიდა. დამზადებული ნივთები პირველად სოციალურ ქსელში განათავსა. იხსენებს, როგორ წევრიანდებოდა სხვდასხვა თემატურ ჯგუფებში, რათა სხვების ნამუშევრების ენახა და საკუთარ ხელნაკეთ ნივთებზეც მიიღო შეფასებები.

“სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჯგუფებში გავწევრიანდი, სადაც ვნახულობდი ხოლმე სხვადასხვა დეკორაციებს და ძალიან მომწონდა. ხატვა ისედაც მეხერხებოდა, ამიტომ გადავწყვიტე დამემზადებინა ნივთები. პირველ ეტაპზე ხელოსნებს ვეკითხებოდი, რა მასალა უნდა გამომეყენებინა, მერე საღებავებს ვყიდულობდი, ვარჩევდი რომელი იყო გამძლე და ხარისხიანი. ყველაფერი დამზადებულია ძირითადად წებო ცემენტით, ზღვის კენჭებით და მდინარის ქვებით“, – ამბობს დალი ღოლიჯაშვილი.

პირველად დალიმ სოკოები და ზღარბები გააკეთა. მათ ამ დრომდე სახლში ინახავს.

„მას შემდეგ ბევრი ნივთი შევქმენი და ახლობლებში გავაჩუქე. უამრავი ლამაზი ნივთი მაქვს შექმნილი და გაყიდული, რომლის ფოტოც კი არ დამრჩა თვალსაჩინოებისთვის. ამას ძალიან ვნანობ“, – თქვა ღოლიჯაშვილმა.

ღოლიჯშვილი სამომავლოდ საკუთარი სახელოსნოს მოწყობაზე და სხვების დასაქმებაზეც ფიქრობს.

“ეს არის საქმე, რომელიც შეიძლება შემოსავლის წყაროდ აქციო. ძალიან მინდა საკუთარი სახელოსნო მქონდეს, შევასწავლო მსურველებს ეს ხელობა და მერე მათაც აკეთონ ეს საქმე. ძალიან მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. უბრალოდ ძალიან რთულია, რომ პარალელურად სახლის საქმეც აკეთო. ბოლო პერიოდში, უფრო ნაკლებად მრჩება დრო ხელსაქმისთვის”, – ამბობს დალი.

დალი ამბობს, რომ ნივთების დამზადება რთული არა რის, მაგრამ ბევრი დროა საჭირო.

“ქვები და კენჭები წლების განმავლობაში ვაგროვე. ჩემს შვილს დავყავდი ხოლმე ქვების მოსაძიებლად. ჩვენი ავტოფარეხი სავსეა ჩემი მასალებით. სულ მსაყვედურობენ ჩემი ოჯახის წევრები, რომ გადავყარო, მაგრამ რა ვქნა, მიყვარს. აქტიურად რომ ვამზადებდი ხოლმე ნივთებს, ვიწერდი ფურცელზე, რომ იდეები არ დამვიწყებოდა. ამ ხელობით თუ ხარ დაკავებული, სხვა საქმე არ უნდა გქონდეს”, – აღნიშნა დალიმ.

დალის ეზოს დეკორაციებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან უკვეთავენ. როგორც ის ამბობს, საკუთარი ეზოს გალამაზებისთვის დრო ნაკლებად რჩება, თუმცა სამომავლოდ დაგეგმილი აქვს ეზოს მოწყობა, სადაც დამთვალიერებელსაც უმასპინძლებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.