სტატიები

ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვის შემთხვევები გორის მერიის ა(ა)იპ-ებში – ჟურნალისტური გამოძიება

როგორ დავხარჯოთ 14 000 ლარი? – ამ თანხით გორის მერია შეძლებდა დახმარებოდა მინიმუმ 28 ონკოლოგიურ პაციენტს, სამედიცინო მომსახურებას დაუფინანსებდა 46 სოციალურად დაუცველს და დაეხმარებოდა 14 ობოლ ბავშვს, თუმცა უწყებამ „უკეთესი“ გამოსავალი მოძებნა და გადაწყვიტა, რომ 14 000 ლარი გორის სოფელში ჩასიძებული რუსეთის გენერლის გვარის ისტორიის შესწავლაზე დაეხარჯა.


სამოქალაქო სექტორის შეფასებით, გორის მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები თანხებს არაეფექტიანად ხარჯავენ და არც ისე იშვითად, ბიუჯეტის ხარჯზე ახლობელი ადამიანების მომადლიერებას ცდილობენ.


რადიო „მოზაიკას“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში ფინანსების არამიზნობრივი, არაეფექტური ხარჯვის არაერთი მაგალითი არსებობს.


ა(ა)იპ-ებში შეხვდებით ისეთ თანამშრომლებს, რომელთაც ევალებათ საწვავის ხარჯვის მონიტორინგი, ტურისტული ბრენდების შესწავლა-განვითარება და ა.შ. ასევე ნახავთ ისეთ პოზიციებს, რომლის მნიშვნელობა „გუგლმაც“ კი არ იცის. ერთ-ერთი ასეთია – მეკუჭნავე, რომელიც სპორტის სააგენტოს ექსტრემალური სპორტის განყოფილებაში მუშაობს, სადაც 10 მოსწავლისთვის 25 თანამშრომელი მუშაობს.

14 000 ლარი გორის სოფელში ჩასიძებული რუსეთის გენერლის გვარის ისტორიის შესწავლაზე


რუსეთის გენერლის გვარის ისტორიასა და მისი მეუღლის მშობლების ოჯახის საქმიანობის შესწავლაზე, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო 14 000 ლარამდე თანხას დახარჯავს. პროექტმა, რომლის მხარდაჭერაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გორის უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა ითხოვა, მერის მოწონება დაიმსახურა და მისი ფინანსური მხარდაჭერა კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს დაავალა.


მერიაში იყო განცხადება შეტანილი, რომლისგანაც ჩვენს სააგენტოს დაევალა ამ პროექტის მხარდაჭერა. გავიარეთ პროექტის დეტალები, განვიხილეთ, ვიმსჯელეთ და იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, გადავწყვიტეთ მისი დაფინანსება”, – ამბობს ა(ა)იპ-ის დირექტორი გელა კაპანაძე.


სააგენტომ, რომელსაც წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 410 000-ლარიანი დაფინანსება აქვს და 80%-ს 525 თანამშრომლის ანაზღაურებისთვის ხარჯავს, მიზანშეწონილად მიაჩნია, პანდემიის პირობებში გორის უნივერსიტეტის რექტორს იდეის განხორციელებაში დაეხმაროს.


“რა თქმა უნდა, ყველა მსურველი ვერ მიიღებს ჩვენგან ასეთ მხადაჭერას. არის გავლის თემა, პოლემიკის, დადასტურების და ინტერესის თემა, რა მოაქვს ამას რეგიონისთვის და მუნიციპალიტეტისთვის. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება”, – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი.

კითხვაზე, თუ რას მიიღებს ამ თანხის დახარჯვის სანაცვლოდ მუნიციპალიტეტი, გელა კაპანაძე პასუხობს, რომ გორი მიიღებს ძალიან ღირებული ადამიანის ისტორიის გაცოცხლებას, ასევე ფილმს ამ ადამიანზე, რომლის პრეზენტაციაც მოხდება და მიიღებს უცხო ენაზე თარგმილ მონოგრაფიას.

ვინ არის ეს პიროვნება თუ იცის? – ამ კითხვაზე პასუხად, კაპანაძემ გიორგი სოსიაშვილთან გადაგვამისამართა.


“პროექტში დეტალურად წერია ამ ადამიანის შესახებ. ჩემთვის საკმარისი იყო ის ახსნა-განმარტებები, რაც მოვისმინე”, -ამბობს გელა კაპანაძე, რაც იმას ნიშნავს, რომ სააგენტო თანახმაა, კულტურული და ტურისტული განვითარებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის ნაწილი, სწორედ რუსეთის გენერლის და მისი ოჯახის წევრების ისტორიის შესწავლასა მოახმაროს.

როცა ფულს არაფერში იხდი…


გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ გამარტივებული შესყიდვის ფორმით, ხელშეკრულება შპს „სივრცეებს“ 2-ჯერ გაუფორმა. წესით, აღნიშნულ კომპანიას სააგენტოს მიერ გავრცელებული საპიარო ინფორმაცია უნდა გამოექვეყნებინა თავის ვებ-გვერდზე, თუმცა ხელშეკრულების დადებიდან დღემდე, საიტზე სააგენტოს არცერთი სიახლე არ გამოქვეყნებულა. არადა ხელშეკრულებაში ვკითხულობთ:

შესყიდვის ობიექტია:
1. რელიზების განთავსება - განუსაზღვრელი რაოდენობით (სივრცეების ვებ-გვერდზე);
2. ანონსები - განუსაზღვრელი რაოდენობით;
3. თვეში 2 ინტერვიუ/სტატიის მომზადება - განთავსება ყველა პლატფორმაზე.


აღნიშნულ მომსახურებაში კომპანიამ 2 200 ლარი აიღო, თუმცა სააგენტოს მისი მომსახურება დღემდე არ მიუღია. ასევე, ხელშეკრულებაში არ არის მითითებული იმ ვებ-გვერდების მისამართები, სადაც წესით, სააგენტოს მიერ მიწოდებული სიახლეები უნდა გამოქვეყნებულიყო.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „სივრცეები“ 2019 წლის ივნისში დაფუძნდა. კომპანიის წესდების მიხედვით, მათი საქმიანობის საგანს წარმოადგენს: საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობა, ასევე მიმდინარე მოვლენების გაშუქება, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე მსოფლიოში.

ამავე წესდების მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული სიახლეები განთავსდება ვებ გვერდზე Spacesnews.ge, თუმცა აღნიშნული საიტი უკვე დიდი ხანია გათიშული. გარდა ამისა, საიტის ლინკები არ აქვს გაზიარებული სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ფეისბუქის გვერდსაც.


გამოდის, რომ აღნიშნულმა ა(ა)იპ-მა 2 200 ლარი არაფერში გადაიხადა. არადა, იგივე ხელშეკრულება, ამავე კომპანიას სააგენტომ გასულ წელსაც გაუფორმა.


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შპს „სივრცეებმა“ გასულ წელს გამარტივებული შესყიდვის წესით, ხელშეკრულებები გაუფორმა ჭიათურის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს, ასევე, ადიგენის კულტურის ცენტრს, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ბოლნისის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსს. ჯამში, კომპანიამ საჯარო უწყებებთან 11 ხელშეკრულება გააფორმა და ბიუჯეტიდან 20 799 ლარი მიიღო.

როცა ფულს იხდი ნიუსში, რომელსაც 5 ნახვა აქვს


ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო უკვე მეორე წელია სარეკლამო მომსახურებას შპს „კვირა+“-სგან ყიდულობს. აღნიშნულ კომპანიას ეკუთვნის ვებ-გვერდი kvira.ge , სადაც სააგენტოს სიახლეები ქვეყნდება.


პირველი ხელშეკრულება უწყებამ აღნიშნულ კომპანიამ 2020 წლის დასაწყისში გაუფორმა და ჯამში, 3 245 ლარი გადაუხადა. ამ წლის განმავლობაში, ვებ-გვერდზე სააგენტოს ორი სიახლე გამოქვეყნდა, რომელსაც ჯამში 21 მნახველი ჰყავდა.


1-ლი ნიუსის სათაურია: გორში უამინდობის გამო კეთილმოწყობის სააგენტო მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა - აღნიშნული ნიუსი საიტზე სულ 5-მა ვიზიტორმა ნახა.
მე-2 ნიუსის სათაურია: გორის კეთილმოწყობის სააგენტო საგაზაფხულო სამუშაოებს შეუფერხებლად ახორციელებს - ეს ნიუსი საიტზე 16-მა ვიზიტორმა ნახა.


მიუხედავად იმისა, რომ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებს მინიმალური მნახველი ჰყავდა, სააგენტომ ხელშეკრულება „კვირა+“-ს წელსაც გაუფორმა. უწყება კომპანიას ყოველთვიურად 295 ლარს უხდის, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტებში არ არის მითითებული გაწეული სამუშაოს (ამ შემთხვევაში, ნიუსის ლინკები) დამადასტურებელი მტკიცებულებები.

როცა მსოფლიოში ეპიდემიაა და ქალაქში უფრო მეტი პიარის სპეციალისტი გვყავს, ვიდრე ეპიდემიოლოგი


რამდენად ეფექტურად იხარჯება გორის მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ბიუჯეტი – ამ საკითხზე მსჯელობისას ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სულ 2 ეპიდემიოლოგი ჰყავს, მაშინ, როდესაც ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ექსტრემალური სპორტის განყოფილებაში პიარის 5 სპეციალისტი მუშაობს.


ჩნდება კითხვა – მსოფლიოსა და ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ვირუსები და ინფექციები სეზონურად ყოველწელს აქტუალურია, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაა, გვჭირდება თუ არა ექსტრემალური სპორტის პიარზე თანხების ხარჯვა, როცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სულ 2 ეპიდემიოლოგი გვყავს, თავისი 2 დამხმარით?

ექსტრემალური სპორტის განყოფილება 2018 წელს შეიქმნა და სულ 25 ადამიანია დასაქმებული, მაშინ როდესაც ჯანდაცვის ცენტრში 20 ადამიანი მუშაობს.

ექსტრემალური სპორტის განყოფილებაში მუშაობს ფოტო-ვიდეო გადაღების სექციის ხელმძღვანელი, ვიდეო ოპერატორი, ფოტო-ვიდეო გადაღების 2 სპეციალისტი და პიარის სპეციალისტი. შედარებისთვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში საზოგადოებასთან ურთიერთობის მხოლოდ 1 სპეციალისტი ჰყავთ.

სპორტის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ვასილ ბალახაძე ამბობს, რომ პიარის სამსახური სააგენტოს შემადგენლობაში შემავალ 5 სასპორტო სკოლას ემსახურება , სადაც სპორტის 20 სახეობაში 3000-მდე სხვადასხვა ასაკის სპორტსმენი მეცადინეობს და მონაწილეობს სასწავლო – საწვრთნელ პროცესში. ადგილზე, ცალკეული სასპორტო სკოლებში მიმდინარე მეცადინეობის გარდა, პიარის განყოფილების რომელიმე სპეცილისტი, მუდამ თან ახლავს ჩვენს გუნდებსა და სპორტსმენებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ასპარეზობისას.

გარდა ამისა, ექსტრემალური სპორტის განყოფილებაში შეხვდებით ისეთ შტატებს, როგორებიცაა: კარტოგრაფი, მეკუჭნავე და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სპეციალისტი.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ექსტრემალური სპორტის განყოფილებას სხვა სკოლებთან შედარებით, ყველაზე ცოტა – 10 მოსწავლე ჰყავს.


ამის საპირისპიროდ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მუშაობს 2 ეპიდემიოლოგი, რომელსაც თავისი 2 დამხმარე ჰყავს, ასევე მუშაობს იმუნიზაციაზე პასუხისმგებელი 1 პირი, პარაზიტოლოგი, ენტომოლოგი, ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდაზე პასუხისმგებელი პირი.

როგორ გამოვიგონოთ თანამდებობა, როცა ახლობელი დასასაქმებელია…


2021 წლის მდგომარეობით, გორის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში 2 664 ადამიანი მუშაობს. 11 ორგანიზაციიდან კადრების რაოდენობით სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ლიდერობს (1205), მას მოსდევს კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო (525), შემდეგია კეთილმოწყობის სააგენტო (373), სპორტის განვითარების სააგენტო 259 თანამშრომლით, საფეხბურთო კლუბი „გორი“ კი 142 თანამშრომლითაა წარმოდგენილი. დანარჩენი 6 ა(ა)იპ-ის თანამშრომელთა ოდენობა კი ორნიშნა რიცხვებს არ სცდება და რამდენიმე ათეულს შეადგენს.

თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდაზე ბოლო პერიოდში არაერთი კვლევა მომზადდა. გორის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში 2017 წელს ა(ა)იპების რეორგანიზაციის შედეგად, თანხების დაზოგვა სწორედ ორგანიზაციების შერწყმა-გაერთიანებით იყო დაანონსებული, რაც თავისთავად კადრების შემცირებას გამოიწვევდა, თუმცა ნაცვლად თანხების დაზოგვისა, თვითმმართველობის ახალი არჩევნების წინ, შტატები გაზრდილია და მათთვის განსაზღვრული ხელფასების ოდენობაც მომატებული.

ამ მხრივ თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც მიუთითებდა, თუმცა გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დღემდე გვხვდება ისეთი პოზიციები, რომელთა საჭიროება კითხვის ნიშნებს აჩენს და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საფუძვლიან ეჭვებს იწვევს.

“ძირითადად მევალება მთაში გასვლა და ბილიკების მოძიება”, – ამბობს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურისტული ბრენდების შესწავლა-განვითარების მთავარი სპეციალისტი ლაშა მაისურაძე.


“უმთავრესად მთაში გასვლა და ბილიკების აღმოჩენა მევალება. შემდგომში ამ ბილიკების ბრენდად ქცევა. ყოფილა შემთხვევები, როცა ჩემი შესწავლილი ბილიკები ბროშურებშიც გამოსულა და ბრენდად ქცეულა”, – ამბობს ლაშა მაისურაძე.

მისივე თქმით, ფოტო-ვიდეო გადაღების ფუნქციასაც ითავსებს. როგორც თავად ამბობს, პანდემიამ მათი მუშაობა გარკვეულწილად შეაფერხა, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ პირობებშიც ახერხებენ ტურიზმზე ზრუნვას.


აღნიშნული სააგენტოს ტურიზმის განყოფილების უფროსი რობერტ მაღლაკელიძე ამბობს, რომ ტურისტული ბრენდების შესწავლა-განვითარების შტატი მისი ინიციატივით შეიქმნა.


“ახალგაზრდა ბიჭია, შეუძლია მთაში, ტყეში, ღრეში იაროს და შეარციოს ახალი მარშრუტები და გზამკვლევები, მაგიტო მივეცი ეს დავალება, ეს ჩემი ინიციატივაა”, – ამბობს მაღლაკელიძე.

როგორც ცნობილია, მაისურაძე მუნიციპალიტეტის გაერთიანებამდე, 2018 წლამდე რაიონის ტურიზმის სააგენტოში მუშაობდა მთავარ სპეციალისტად. მაღლაკელიძე აცხადებს, რომ რეორგანიზაციის შემდეგ, არავინ გაუთავისუფლებიათ და ქალაქის და რაიონის გაერთიანების პროცესში, მან აღნიშნულ პიროვნებას ახალი ფუნქცია-მოვალეობები “მოუფიქრა”.

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, დაწესებულების ხელმძღვანელმა ორგანიზაციაში და მის დაქვემდებარებულ ყველა ერთეულში უნდა დანერგოს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა, რაც უნდა განხორციელდეს ისე, რომ ორგანიზაციაში ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომია იყოს უზრუნველყოფილი, საბიუჯეტო თანხების ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენებით.


დოკუმენტში წერია, რომ იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რიცხოვნობა და მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები განსაზღვრული უნდა იყოს რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით.


2019 წელს, აუდიტის სამსახურის დასკვნა გორის მერიის ზოგიერთ ა(ა)იპ – ში გაურკვეველი ფუნქცია-მოვალეობების კადრებზე მიუთითებდა, რაც თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე მიანიშნებდა. მაგალითად, კულტურის სააგენტომ კადრების შემცირების ნაცვლად, ასეთი კატეგორიის თანამშრომლებს სხვა ფუნქციები შეუთავსა და შტატების რაოდენობა და ხარჯები არ შეამცირა.

• კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში არსებობს პოზიცია ბრენდების შესწავლა-განვითარების მთავარი სპეციალისტი
• სპორტის განვითარების სააგეტნოში -საწვავის ხარჯვის ზედამხევდელი;
• სპორტსმენთა ხარჯებით უზრუნველყოფის მონიტორინგის მთავარი სპეციალისტი;
• მეკუჭნავე სპორტის სააგენტოს ექსტრემალური სპორტის განყოფილებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის შეფასებები ა(ა)იპების ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვაზე

ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისის იურისტი ლექსო მერებაშვილი ამბობს, რომ ა(ა)იპების უმრავლესობა მათი ფუნქციონირების საჭიროებას ვერ ასაბუთებს. შესაბამისად, მათთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხა არის არამიზნობრივი.

ლექსო მერებაშვილი

“ამ ა(ა)იპ-ებზე გამოყოფილი თანხა არის თავშივე არამიზნობრივი. ა(ა)იპი უნდა შეიქმნას საჯარო მიზნების მისაღწევად, რომელსაც მერიისაგან დამოუკიდებელი ორგანო უკეთ შეასრულებს. ასეთი ა(ა)იპების დაფინანსება ყოველწლოურად უნდა მცირდებოდეს და მაქსიმალურად ნაკლები საბიუჯეტო თანხა უნდა ხმარდებოდეს მათ საქმიანობას“.

2017 წელს გორის საინფორმაციო ცენტრმა გორის მუნიციპალიტეტის სერვისების კვლევა აწარმოა. ცენტრის ხელმძღვანელის, მიშა ჩიტაძის თქმით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა ა(ა)იპ-ების ბიუჯეტის არამიზნობრივი და არაეფექტური ხარჯვა. ჩიტაძის თქმით, მსგავსი ორგანიზაციები მხოლოდ პარტაქტივის დასასაქმებლად არის შექმნილი.

მიშა ჩიტაძე

“ჩვენ ორი წლის წინ გვქონდა გორის მუნიციპალიტეტის სერვისების კვლევა, რომელიც ა(ა)იპების კვლევაც გამოდის. მოკლედ რომ გითხრათ, ამ სააგენტოებში არასწორად და არამიზნობრივად იხარჯება ბიუჯეტი. ყველაფერზე შექმნეს ა(ა)იპ-ები და დაასაქმეს პარტაქტივი, რომლითაც ქმნიან მხოლოდ დ მხოლოდ საარჩევნო რესურს და ბუნებრივია ხდება სახსრების არაეფექტური ხარჯვა”.

სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ფიქრობს, რომ ა(ა)იპ-ების ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება, ის მორგებული არ არის ხალხის საჭიროებებზე და მოქალაქეების ფულით ხდება მმართველი პარტიის მხარდამჭერთა დაფინანსება.

თეონა ფანქველაშვილი

“ვხედავთ, რომ ჰყავთ თანამშრომლები, რომელთა ნაწილსაც არასდროს შეუსრულებია ის მოვალეობა, რისთვისაც სამსახურში აიყვანეს. მათმა ნაწილმა ისიც კი არ იცის, რისთვისაა დასაქმებული ამა თუ იმ ორგანიზაციაში. სამწუხარო რეალობაა, რომ ა(ა)იპ-ები დასაქმების სააგენტოებდაა გადაქცეული დღევანდელი ხელისუფლების ხელში. გამოდის, რომ ჩვენი ფულით ვაფინანსებთ მმართველი პარტიის მხარდამჭერთა კეთილდღეობას და ვამაგრებთ ადმინისტრაციულ რესურსს, რის ხარჯზეც “ქართული ოცნება” არჩევნებზე გარკვეულ შედეგებს აღწევს“.

სამოქალაქო აქტივისტი თამარ თედლიაშვილი ა(ა)იპ-ების ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვაზე საუბრობს და ამბობს, რომ რეალურად ა(ა)იპ-ები უნდა ემსახურებოდნენ ადგილობრივი საჭიროებების გადაწყვეტას და მათი ბიუჯეტის დიდი ნაწილი ხელფასებში არ უნდა იხარჯებოდეს.

თამარ თედლიაშვილი

“მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ბიუჯეტის დაგეგმვა დარჩა ჩვენთვის აუხდენელ ოცნებად, რადგან ბიუჯეტიდან კვლავ ფინანსდება ის “საჭიროებები“, რომლებიც იწვევს არამიზნობრივ ხარჯვას და აჩენს კორუფციის საფუძვლიან ეჭვს. ამის ნათელი მაგალითია მუნიციპალიტეტებში დაფუძნებული ა(ა)იპები, რომლებიც უნდა ემსახურებოდნენ ადგილობრივი საჭიროების საკითხების გადაწყვეტას. ამ დროს ა(ა)იპ-ების ბიუჯეტის 80% თანამშრომლების ხელფასებზე იხარჯება. არამიზნობრივ ხარჯვაზე პირდაპირ მიანიშნა სახელმწიფო აუდიტმაც, აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი სხვადასხვა დარღვევები ცალსახად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს”.


ჩვენ მიერ გამოკითხული რესპონდენტები გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ა(ა)იპ-ების უმრავლესობამ მათი ფუნქციონირების საჭიროება უნდა დაასაბუთოს; ასევე, უნდა შემცირდეს დაფინანსება. მათი თქმით, ა(ა)იპ-ები უნდა ემსახურებოდნენ ადგილობრივ საჭიროებებს და არა – პარტიული აქტივის დასაქმებას.

მასალა მომზადებულია პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისათვის”.

პროექტს გორის სათემო რადიო “მოზაიკა” “ევროპის ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი