ბლოგები

გზა ერთადერთი მიზნისკენ – დავიცვა ადამიანის უფლებები

ავტორი: მარიამ მარტიაშვილი

როცა უნივერსიტეტზე და სტუდენტურ ცხოვრებაზე მიწევს საუბარი, ჩემი გონება პარალელურად სკოლაზე იწყებს ფიქრს, ალბათ იმიტომ, რომ სკოლაც ისეთივე შეუცვლელ და განსაკუთრებულ ემოციებს და მოგონებებს ინახავს, როგორსაც უნივერსიტეტი.

სკოლის პირველი ზარი ჩემთვის შედარებით ადრე, 5 წლის ასაკში დაირეკა და მიზეზი იყო ის, რომ პატარაობიდანვე სწავლაზე უზომოდ შეყვარებული  ვიყავი და მინდოდა, რაც შეიძლებოდა მალე  დამეწყო ცხოვრების პირველ და რთულ გზაზე სიარული.  ჩემი პატარ-პატარა წარმატებებიც სწორედ სკოლიდან დაიწყო და შემდეგ უკვე უნივერსიტეტში გაგრძელდა. 

უნივერსიტეტის პირველი  კურსიდან აქტიურად შევუდექი სტუდენტურ ცხოვრებას.

მივიღე სხვადასხვა  საუნივერსიტეტთაშორისო თუ  საერთაშორისო კონფერენციებში, პროექტებში მონაწილეობა და მოვიპოვე უნივერსიტეტის სახელით გამარჯვება.  ამავდროულად ვარ სტიპენდიანტი და მოგეხსენებათ, რომ  სტიპენდიის მისაღებად სტუდენტს აქტიურ სტატუსთან ერთად, მაღალი აკადემიური მოსწრება უნდა ჰქონდეს, რაც ამავდროულად მაღალ სარეიტინგო ქულას ნიშნავს. 

სიმართლე რომ გითხრათ, ყოველი სემესტრის დასაწყისში ვფიქრობ მხოლოდ იმას, რომ ვისწავლო კარგად და სტიპენდია უკვე ამ შრომის შედეგად მოდის და ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია საკუთარი შრომის შედეგის ნახვა. ეს, რა თქმა უნდა,  მოტივაციას ასმაგად  მიზრდის და მაძლევს დიდ სტიმულს. შესაბამისად, სტიპენდიანტობა ჩემთვის განსაკუთრებული მიღწევა და პატივია. აქამდე მიღებულმა გამოცდილებამ, ახალი გამოწვევებისთვის საუკეთესოდ მომამზადა.

სამწუხაროდ, პანდემიამ ბევრი ადამიანის მსგასვად ჩემი ყოველდღიური ცხოვრებაც  შეცვალა.

უნივერსიტეტის კედლებიდან პლათფორმა Zoom-ში გადმოვინაცვლე. ალბათ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მესამე კურსის გავლა დისტანციურად, უნივერსიტეტისგან და ლექტორებისგან შორს, ვირტუალურ სამყაროში მომიწევდა, მაგრამ  ეს გამოწვევა და სიახლეც მომგებიანი აღმოჩნდა იმ კუთხით, რომ  უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ბევრ პროექტში მომეცა მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა,

მქონდა დრო, გავცნობოდი სხვადასხვა სტატიებს და ინფორმაციას იმ დროის ხარჯზე, რასაც მგზავრობაში ვხარჯავდი.

სწორედ, პანდემიის პერიოდში გადავწყვიტეთ  მე და ჩემმა კურსელმა, რომ დაგვეარსებინა ორგანიზაცია ,,საქართველოს იურისტთა ასოციაცია ახალი იდეა’’ და ამ ორგანიზაციის ფარგლებში,  იურიდიული დახმარება გაგვეწია მოწყვლადი ჯგუფებისთვის. 

თითოეული წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი მაძლევს იმის მოტივაციას, რომ არ გავჩერდე და მუდმივად ვეცადო,  გავხდე იმაზე უკეთესი, ვიდრე ვიყავი გუშინ. წარმატების ფორმულის ერთ-ერთ საიდუმლოც მიღწეული წარმატებით ხანგრძლივი ტკბობა კი არა, განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, ახალი გამოწვევების დაძლევა და შემდეგი ნაბიჯების გადადგმაა. 

სამართალმცოდნეობას ბევრი მიმართულება აქვს და აქედან გამომდინარე, ხშირად მეკითხებიან, თუ რას ვაპირებ მომავალში, რა განხრით ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. სისხლის სამართლის მიმართულებით სწავლის გაგრძელება არ მსურს და შესაბამისად, სამოქალაქოსა და ადმინისტრაციულ სამართალს შორის მომიწევს არჩევანის გაკეთება, მაგრამ რომელი მიმართულებაც არ უნდა ავირჩიო, ჩემს ძირითად მიზანს, რამაც მიბიძგა ამ ფაკულტეტზე ჩაბარება არანაირად არ ჩამოვცილდები.

ვერ ვიტან უსამართლობას და აქედან გამომდინარე, უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანებს. ამიტომ ბევრი შრომა მომიწევს იმისთვის, რომ ადამიანებს დავეხმარო და მათი უფლებების დასაცავად ვიზრუნო. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები