სტატიები

ვინ და როგორ ნიშნავს კადრებს გორში პოლიტიკურ თანამდებობებზე?

გორის მერის მოადგილეებად ერთთვიანი პაუზის შემდეგ ახალი კადრები დაინიშნნენ. როგორ მოხდა კადრების შერჩევა? რას ამბობდა გორის მერი საკადრო ცვლილებამდე და რას ამბობს დღეს? როგორი პოზიცია ჰქონდა ამჟამინდელ მოადგილეს და რა პოზიცია აქვს ახლა? 

გორის მუნიციპალიტეტის მერი ამბობდა, რომ ერასტი ელიჯარაშვილისა და პაატა ივანიშვილის თანამდებობებიდან წასვლის შემდეგ, მათ შემცვლელებს თავად არჩევდა. უფრო კონკრეტულად კი, თავზარაშვილი რადიო “მოზაიკასთან” საუბარში აცხადებდა, რომ მოადგილეების კანდიდატების გამოცდილებას ეცნობოდა და მათ ვინაობას უახლოეს პერიოდში დაასახელებდა.

პარალელურად, “ქართულმა ოცნებამ” პარტიის გორის ოფისში აღმასრულებელ მდივნად ყოფილი პარლამენტარი დანიშნა. თამაზ შიოშვილი იმ დროს ამბობდა, რომ გორის მერიის მუშაობის სპეციფიკას ძირეულად არ იცნობდა და რომ არც მერიის საქმიანობის ხარვეზებზე ჰქონდა ინფორმაცია. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მერის ერთ-ერთი მოადგილე სწორედ ის გახდა.

მასთან ერთად დაინიშნა “სილქნეტის” რეგიონალური წარმომადგენელი ნიკა ღვინიაშვილიც. ამის შესახებ რადიო “მოზაიკამ” ინფორმაცია დანიშნვამდე რამდენიმე დღით ადრე პარტიის ცენტრალური ოფისიდან მიიღო, თუმცა როცა ინფორმაციის გასასამოქმებლად გორის მერს დაუკავშირდა, თავზარაშვილმა თქვა, რომ აღნიშნულ პიროვნებას არ იცნობდა.

ანალოგიური სიტუაცია იყო წინა მოადგილეების შემთხვევაშიც. კონტანტინე თავზარაშვილი პაატა ივანიშვილის დანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრეც იგივეს ამბობდა – აცხადებდა, რომ აღნიშნულ პიროვნებას არ იცნობდა.


რადიო “მოზაიკამ” გორის მერის სხვადასხვა დროს ჩაწერილი ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები განიხილა, რომელთა საფუძვლები იდენტური აღმოჩნდა:

დანიშვნამდე: “მე არ ვიცი, ვინაა პაატა ივანიშვილი”
დანიშვნის შემდეგ: “პაატა ივანიშვილი საკმაოდ გამოცდილი ახალგაზრდაა და მე გადავწყვიტე მისი დანიშვნა ჩემი მოადგილის პოზიციაზე.


დანიშვნამდე: ნიკა ღვინიაშვილი ვინაა, არ ვიცი. ჩემ მიერ შერჩეულ კანდიდატებს შორის ასეთი არავინაა.
დანიშვნის შემდეგ: ჩვენ გუნდურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. 5 კანდიდატს შორის მენეჯერული გამოცდილებით გამოირჩეოდა და მასზე შევაჩერეთ არჩევანი.

გუბერნატორის როლი კადრების შერჩევის პროცესში


რადიო “მოზაიკა” დაინტერესდა, რამდენად დამოუკიდებლად იღებს გორის მერი გადაწყვეტილებებს. ამ კითხვას თავად კონსტანტინე თავზარაშვილმა ასე უპასუხა.


“სულ იყო 5 კანდიდატი, მეც რა თქმა უნდა მყავდა შერჩეული და ვადასტურებ, რომ ნიკა ღვინიაშვილს არ ვიცნობდი, მაგრამ როდესაც განვიხილეთ მისი მენეჯერული გამოცდილება, ის აღმოჩნდა უკეთესი და გადავწყვიტეთ მეორე მოადგილე ის ყოფილიყო, რაც შეეხება თამაზ შიოშვილს მას მე დიდი ხანია ვიცნობ და ეს წინადადება მან ჩემგან მიიღო, რაზეც დამთანხმდა”, – ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.

თავად ყოფილი პარლამენტარი, რომელიც გორის მერიას დეპუტატობის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, ხშირად აკრიტიკებდა, გორის მერის (ზურაბ ჯირკველიშვილის პერიოდში) მოადგილე ერთხელ უკვე იყო. შიოშვილი ამბობს, რომ იმ პერიოდშიც მისი დანიშვნა ცენტრიდან მოხდა, კონკრეტულად კი “ქართული ოცნების” ერთ-ერთი სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის შუამდგომლობით, ის დაინიშნა მოადგილედ იმ უწყებაში, რომელსაც ოპოზიციაში ყოფნის დროს “სუსის განყოფილებას” უწოდებდა.

ამჟამინდელ თანამდებობაზე ის ამბობს, რომ შემოთავაზება გორის მერისგან მიიღო, თუმცა იმას, რომ მხარის გუბერნატორთან მეგობრობს და მისი უშუალო ჩართულობით გახდა ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი გორში, ღიად ადასტურებს.


“მას მერე, რაც ის დაინიშნა გუბერნატორად, გვქონდა შეხვედრა, კომუნიკაცია შედგა ჩვენს შორის, ვისაუბრეთ. მას ჰქონდა სურვილი, რომ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით, ერთად დავდგომოდით ქალაქის მოსახლეობას მხარში და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, გამიწია მან რეკომენდაცია და შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, მმართველმა გუნდა მიიღო გადაწყვეტილება ჩემი დანიშვნის შესახებ აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე”, – აღნიშნა თამაზ შიოშვილმა.


გუბერნატორების ჩართულობის ფაქტი საკადრო პოლიტიკაში, გორში მომხდარმა ცვლილებებმაც დაადასტურა:

  • “ქართული ოცნებიდან” გიორგი ხოჯევანიშვილის წასვლის შემდეგ, მერის ორივე მოადგილემ თანამდებობა დატოვა. მათი წასვლის შემდეგ, ღიად ითქვა, რომ ისინი ამ თანამდებობებზე ხოჯევანიშვილის რეკომდენდაციით დაინიშნენ.


ახალი გუბერნატორის დანიშვნის შემდეგ დაინიშნა პოლიტიკურ თანამდებობაზე კიდევ ერთი პარლამენტარი. თენგიზ ხუბულური მხარის რწმუნებულის ვალერიან მჭედლიძის მოადგილეა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ პარტიაზე ის განაწყენებული იყო, რადგან 8 თვის განმავლობაში, ის სამსახურის გარეშე დატოვეს. ახლა კი, “ქართული ოცნების” გამარჯვებაში დარწმუნებულია და საარჩევნო პროცესებში აქტიურ ჩართვას აანონსებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.