ახალი ამბები

ირმა ამბარდნიშვილი: არ ვაპატიებ იმას, რომ მიწოდა მათხოვარი, თავხედი, ქუჩის ქალი

დამოუკიდებელი დეპუტატი  გორის საკრებულოში ირმა ამბარდნიშვილი მის მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ და სექსისტურ მიმართვას გამოეხმაურა. მას საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ სხდომაზე “ქუჩის ქალი” უწოდა. 

“მიწოდა მათხოვარი, თავხედი, ქუჩის ქალი. მოვუწოდებდი, რომ გაჩერებულიყო, მაგრამ მაინც გააგრძელა ჩემი ლანძღვა და ყველა საკრებულოს წევრი უყურებს ამას, მათ შორის კაცებიც და ხმას არავინ იღებს. საკრებულოს წევრს უწოდებს ბაზრის ქარს. ეს პირველი არ არის, მას ადრეც გაუკეთებია მსგავსი ქმედებები, ის არი ჩვეულებრივი ცინიკოსი ადამიანი, რა უნდა ამას საკრებულოში”, – ამბობს ამბარდნიშვილი. 

ამბარდნიშვილის თქმით, დავით რაზმაძეს შეურაცხყოფაზე პასუხს სამართლებრივად მოსთხოვს. 

“განსხილველ საკითხზე, რომ ჩემი მოსაზრება გამოვთქვი, რატომ მაშინ არ აქტიურობდი, როცა ნაციონალურ მოძრაობაში იყავიო. დიახ, ნამდვილად ვიყავი პარტიის წევრი და ვერავინ იტყვის, რომ რაიმეთი მისარგებლია.თვითონაც საკრებულოს წევრი იყო იმ ცხრა წლის განმავლობაში და რა გაუკეთებია. ეს არის უზრდელი კაცი, რომელიც შემთხვევით არის მოხვედრილი ამ შენობაში. ნაციონალების დროს იყიდა ბიტკოინების ქარხანა, ნაციონალების დროს გაიფორმა ტერიტორიები და რამდენი ამისთანა სხვა. აუცილებლად პროკურატურაში შევიტან განცხადებას და არ ვაპატიებ ამ საქციელს”, – განაცხადა ირმა ამბარდნიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება გუბერნიის ბალანსზე არსებული ავტომობილებისთვის საწვავის ხარჯის ლიმიტის გაზრდაზე მსჯელობას მოჰყვა. ირმა ამბარდნიშვილი ლიმიტის გაზრდის წინააღმდეგი იყო. მის პოზიციას კი მმართველი პარტიის დეპუტატები არ იზიარებდნენ. სწორედ ამ კამათის დრო, საკრებულოს თავმჯდომარემ ირმა ამბარდნიშვილს უთხრა:

“შენნაირ ქუჩის ქალს საკრებულოში რა უნდა”, – ამ სიტყვებით მიმართა დავით რაზმაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, ირმა ამბარდნიშვილს.

სექსისტური მიმართვის შემდეგ, ამბარდნიშვილმა საკრებულოს დარბაზი დატოვა და რადიო “მოზაიკასთან” განაცხადა, რომ მომხდარზე პროკურატურას მიმართავს.

დატოვეთ კომენტარი