ახალი ამბები

ენმ: ვიდრე დავით რაზმაძე ბოდიშს არ მოიხდის, საკრებულოს სხდომებს არ დავესწრებით

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის ორგანზიაცია საკრებულოს წევრს, ირმა ამბარდნიშვილს სოლიდარობას უცხადებს.

პროტესტის ნიშნად, პარტიის წევრები საკრებულოს სხდომებზე დასწრებას არ აპირებენ, იქამდე, ვიდრე დავით რაზმაძე საჯაროდ ბოდშს არ მოიხდის.

“ენმ-ს გორის ორგანიზაცია გმობს დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის მხრიდან საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის ირმა ამბარდნიშვილის მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ და სექსისტურ გამონათქვამებს. ენმ სოლიდარობას უცხადებს ირმა ამბარდნიშვილს და მიიჩნევს, რომ ვიდრე დავით რაზმაძე ბოდიშს არ მოიხდის, საჯაროდ ენმ სხდომებს ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრება”, – წერია ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება გუბერნიის ბალანსზე არსებული ავტომობილებისთვის საწვავის ხარჯის ლიმიტის გაზრდაზე მსჯელობას მოჰყვა. ირმა ამბარდნიშვილი ლიმიტის გაზრდის წინააღმდეგი იყო. მის პოზიციას კი მმართველი პარტიის დეპუტატები არ იზიარებდნენ. სწორედ ამ კამათის დრო, საკრებულოს თავმჯდომარემ ირმა ამბარდნიშვილს უთხრა:

“შენნაირ ქუჩის ქალს საკრებულოში რა უნდა”, – ამ სიტყვებით მიმართა დავით რაზმაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, ირმა ამბარდნიშვილს.

სექსისტური მიმართვის შემდეგ, ამბარდნიშვილმა საკრებულოს დარბაზი დატოვა და რადიო “მოზაიკასთან” განაცხადა, რომ მომხდარზე პროკურატურას მიმართავს.

დატოვეთ კომენტარი