ბლოგები

„შიში შეიქმს სიყვარულსა“, ანუ ჩვენზე

ავტორი: ეკა ღვინიაშვილი, ფსიქოლოგი, სპეციალური განათლების მაგისტრი

„შიში შეიქმს სიყვარულსა?“ კი, ეს ნამდვილად ასეა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შიშის დროს იზრდება აფილაციის მოთხოვნილება. რა თქმა უნდა, ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან აფილაციის მოთხოვნილებით, მაგრამ ეს უმეტესად ასეა.


აფილაცია რა არის? რა და ერთად ყოფნა რომ გვინდა, ოჯახთან, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან და თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ სრულიად უცნობებთანაც კი, რომლებსაც ჩვენნაირი მიზნები, მისწრაფებები და პრობლემები აქვთ.


სოციალურ ფსიქოლოგიაში აფილაციის ტენდენციას დიდი ხანია იკვლევენ… ერთ ექსპერიმენტზე მოგიყვებით, შეიძლება იცოდეთ კიდეც. ექსპერიმენტი ეკუთვნის სტენლი შეხტერს და იკვლევს, თუ რა დამოკიდებულება არსებობს შიშსა და აფილაციის ტენდენციას შორის.


ექსპერიმენტის პროცედურა ასეთი იყო. ცდის პირები შეჰყავდათ ლაბორატორიაში, სადაც იყო დიდი რაოდენობით ელექტრომოწყობილობა და უხსნიდნენ, რომ ექსპერიმენტი ეხებოდა მეხსიერებაზე ელექტროშოკის გავლენის კვლევას. ექსპერიმენტში შიშის სხვადასხვა დონის შესაქმნელად, ექსპერიმენტატორი ყვებოდა შოკის განსხვავებულ სიძლიერეზე. ძლიერი შიშის ექსპერიმენტული პირობების შესაქმნელად, ელექტროშოკს აღწერდნენ დიდი მუქარის ტერმინებში (შოკი იქნება მტკივნეული… უკიდურესად მტკივნეული), მაგრამ არ ექნება შემდგომი ეფექტი. ექსპერიმენტის მონაწილეებს უხსნიდნენ, რომ კვლების წარმატებისთვის საჭიროა ინტენსიური შოკის გამოყენება.


სუსტი შიშის ექსპერიმენტული პირობების შესაქმნელად კვლევაში მონაწილე სუბიექტებს ეუბნეოდნენ, რომ შოკი არ იქნება მტკივნეული, იქნება ძალიან სუსტი და ა.შ.


ამის შემდეგ, ვითომ ექსპერიმენტის დაწყებამდე აპარატურის მოსამზადებლად საჭირო იყო გარკვეული დრო. კვლევის მონაწილეებს უწევდათ ლოდინი და მათ უნდა აერჩიათ, როგორ გაატრებდნენ ამ დროს – მარტო თუ სხვებთან ერთად.


ძლიერი შიშის დროს სუბიექტები ირჩევდნენ სხვებთან ერთად ყოფნას!


თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ „შიში შეიქმს სიყვარულსა“ კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზაა და ჩემებურ ინტერპრეტაციას ვაკეთებ. ტექსტში, ლოგიკური თანმიმდევრობით ახსნა, რა თქმა უნდა, სხვანაირ სურათს გვიხატავს (ეს ფრაზა ეხება ავთანდილის ბრძოლას მეკობრეებთან. ავთანდილმა არამიწიერი ძალა გამოავლინა მათთან ბრძოლაში, ლომივით დაუხვდა მათ ლაშქარს და არ დარჩა მისგან დაუჭრელი, „დაუფხრეწელი“ ადამიანი. მეკობრეები შეეხვეწნენ გამარჯვებულ ავთანდილს სიცოცხლე შეენარჩუნებინა მათთვის და ავთანდილმა დაიმონა ისინი). მაგრამ, რამდენ ზრდასრულს ახსოვს ეს კონტექსტი? მე მგონი არც ისე ბევრს, თუმცა უფრო ბევრს ახსოვს ზუსტადაც ეს „ფრთიანი გამონათქვამი“.


ამ ჩანაწერის გაკეთების იდეა უკვე ბევრ წელს ითვლის, მაგრამ ალბათ ამ დროს ელოდა, კიდევ უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო. და რა ხდება ახლა? ახლა როგორ ვუპასუხებდით შეკითხვას – „შიში შეიქმს სიყვარულსა“? ისევ ისე, როგორც ზემოთ. კი, დიახ, ასეა!


ახლა, როდესაც გარეთ „შიშია“…


ახლა კიდევ უფრო ძალიან გვინდა გვიყვარდეს, ვუყვარდეთ, ვიზრუნოთ, ჩავეხუტოთ და ახლოს გვყავდნენ ჩვენი ადამიანები.

დატოვეთ კომენტარი